საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის სახელგანთქმულმა ორკესტრმა - „გეპეის ჯაზი“, უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, კონცერტი გამართა.
კონცერტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში, ხალხმრავალი მაყურებლის წინაშე გაიმართა. საღამო ცნობილ მომღერალს, ირმა სოხაძეს მიჰყავდა.
როგორც საუნივერსიტეტო ორკესტრის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მაესტრო ირაკლი კალმახელიძემ აღნიშნა, ლეგენდარული „გეპეის ჯაზი“ თვითონაც იუბილარია. მისი თქმით, 2022 წელს საუნივერსიტეტო ორკესტრს 80 წელი შეუსრულდა.
„იცით, რას ნიშნავს ეს ორკესტრი ჩემთვის?! „გეპეის ჯაზში“ 1968 წლიდან ავიდგი ფეხი, მას შემდეგ, რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ამ ორკესტრში მაზიარა მუსიკას დიდმა მაესტრომ, სოსო ტუღუშმა და მიხარია, რომ დღემდე მისი საქმის ერთგული და გამგრძელებელი ვარ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წელს 100 წელი შეუსრულდა, ჩვენი ორკესტრი კი 80 წელს ითვლის. ასე რომ, იუბილარი ჯაზ-ორკესტრი ზეიმობს იმ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს, რომელიც მთელს სამხრეთ კავკასიაში პირველი უმაღლესი საინჟინრო სკოლაა, რომლის აკადემიურმა და სამეცნიერო წრეებმა და მათთან ერთად, ლეგენდარულმა ჯაზ-ორკესტრმა საქართველოს არაერთგზის მოუტანეს საერთაშორისო აღიარება. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და 80-წლიანი ბრენდის - „გეპეის ჯაზის“ მიმართ იჩენს“, - აღნიშნა ირაკლი კალმახელიძემ.
სტუ-ის საუნივერსიტეტო ორკესტრის ერთ-ერთი ვეტერანი, ცნობილი მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 1974 წლიდან შეუერთდა.
„ბატონი სოსო ტუღუშის დროდან ორკესტრში ვარ. ყველა ეტაპი, აღმავლობა თუ სირთულეები, ამ დიდ ორკესტრთან ერთად გავიარე - ეს იყო და არის უდიდესი ბედნიერება! არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი იყო შემოქმედების ნამდვილი ტაძარი. „გეპეის ორკესტრი“ დღეს უკვე ბრენდია, რომელმაც დასაბამი მისცა საესტრადო მუსიკას საქართველოში. ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს - პირადად ჩემთვის ეს უნივერსიტეტი მეორე სახლია, ჩემი ოჯახია, აქ ვსწავლობდი, აქ გავატარე ცხოვრების საუკეთესო წლები, ეს უნივერსიტეტი იყო ჩემი შემოქმედებისთვის ტრამპლინი. მინდა იუბილე მივულოცო ჩემს ალმა-მატერს, ჩვენს ორკესტრს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ საბჭოს, სტუდენტებს“, - ამბობს კაკო ვაშალომიძე.
საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრმა შეიტანა. ათეულობით წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე იყო.