სტუ-ის მეცნიერები რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მიკროაეროზოლებით დაბინძურებას იკვლევენ

სტუ-ის მეცნიერები რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მიკროაეროზოლებით დაბინძურებას იკვლევენ

14-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები,  ქალაქ რუსთავსა და მის შემოგარენში ატმოსფერული ჰაერის მიკროაეროზოლებით დაბინძურებას იკვლევენ.

პროექტის - „ქალაქ რუსთავისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერული ჰაერის მიკროაეროზოლებით დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით“ - ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი ნათია გიგაურია, რომელიც საკვლევ თემათიკაზე მენტორის - ამავე ინსტიტუტის პროფესორის, ალექსანდრე სურმავას ხელმძღვანელობით მუშაობს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსთავში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემური დამაბინძურებელი უმცირესი ზომის მყარი PM-ნაწილაკებია. ატმოსფერული ჰაერის PM-ებით დაბინძურებაზე რეგულარული დაკვირვება რუსთავში 2019 წლიდან მიმდინარეობს. დაკვირვების მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ რუსთავი მიეკუთვნება იმ ქალაქების რიცხვს, სადაც დაბინძურების დონე, ხშირად, აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნიშნულს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება კი წარმოებს მხოლოდ ერთი ავტომატური მონიტორინგის ფონური სადგურისა და შვიდი ყოველკვარტალური ინდიკატორული გაზომვების საშუალებით. მიმდინარე მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით კი, შეუძლებელია ქალაქის ატმოსფერული ხარისხის სრული სურათის წარმოჩენა. ამდენად, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის PM2,5 და PM10 ნაწილაკებით დაბინძურების ეკოლოგიური პრობლემის მეცნიერული შესწავლა და გარდა ამისა, ამ პროცესის შემამცირებელი ღონისძიებებისა და ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაციების დასაშვებ დონემდე დაყვანის დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია. პრობლემა აქტუალურია და მისი გადაჭრა მიზნად ისახავს კონკრეტული სოციუმის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას. შესაბამისად,  პრობლემის გადაწყვეტა ღრმა და მრავალმხრივი მეცნიერული კვლევების ჩატარებას მოითხოვს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები რუსთავის ატმოსფერულ ჰაერში PM2,5 და PM10 ნაწილაკებზე დაკვირვებას ჯერ მხოლოდ ორი წელია ვატარებთ.  პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილი გვაქვს ქალაქისა და მისი შემოგარენის ატმოსფერული მიკროსკოპული ნაწილაკებით დაბინძურებასთან დაკავშირებული არაერთი პრაქტიკული და თეორიული საკითხის შესწავლა“, - აცხადებს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრე სურმავა.

                                                 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევარი ნათია გიგაური რუსთავსა და მის შემოგარენში არა მხოლოდ PM2,5 და PM10 ნაწილაკების წარმოშობის წყაროების იდენტიფიცირების, არამედ, გაფრქვეულ ინგრედიენტთა რაოდენობისა და მიწისპირა კონცენტრაციების შესწავლის, დაბინძურების გავრცელების არეალისა და მისი დაგროვების ზონების, ასევე, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიებზე ფონური კონცენტრაციების შესაძლო მნიშვნელობების დადგენის მიმართულებით მუშაობს.

„აღსანიშნავია, რომ დასახული ამოცანების გადაჭრა იმ კვლევების გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ბოლო 3 წლის განმავლობაში ატარებს. ეს ამოცანები ერთი მთლიანი პრობლემის შემადგენელი ნაწილებია და თითოეულ მათგანს დიდი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა გააჩნია. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არსებული ვითარების კომპლექსურად შესწავლა და პრობლემის გადაჭრა სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, დროულია. რუსთავი სამრეწველო-ინდუსტრიული ქალაქია, სადაც არაერთი ქიმიური, მეტალურგიული, ცემენტისა თუ სხვა საწარმო ფუნქციონირებს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში, სამრეწველო ობიექტებთან ერთად, არანაკლები წვლილი ავტოტრანსპორტსაც შეაქვს. დაბინძურების წყაროები ქალაქში არათანაბრადაა განაწილებული და საგზაო მოძრაობის ინტენსივობაც, უბნების მიხედვით, განსხვავებულია. ამის გამო, ქალაქ რუსთავსა და მის შემოგარენში გამოყოფილი დამაბინძურებელი ინგრედიენტების ზედაპირული განაწილება არათანაბარია. პროექტის განხორციელებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ რიგ პრობლემურ საკითხზე პასუხის გაცემას, რაც თავის მხრივ, მეცნიერულ და პრაქტიკულ ინოვაციას წარმოადგენს“, - აცხადებს ნათია გიგაური.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა პროექტი - „ქალაქ რუსთავისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერული ჰაერის მიკროაეროზოლებით დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით“ - 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება