საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები გულისტკივილით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა უნივერსიტეტის ქიმიკოსთა ოჯახის ღირსეული წევრი, გამორჩეული პედაგოგი და მეცნიერი, პროფესორი გულიკო მანველიძე.
ქალბატონ გულიკო მანველიძეს ცხოვრების უდიდესი პერიოდი - ხუთი ათეული წელი აკავშირებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან. აქ მოიპოვა მან აღიარება და არაერთი წარმატება, როგორც შესანიშნავმა პედაგოგმა და მეცნიერმა - დაუღალავი შრომით, პიროვნული ხიბლითა და პროფესიული ალღოთი; ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული სითბოთი და კეთილგანწყობით იყო გაჯერებული მისი ყველა წამოწყება; როგორც არავის, შეეძლო გაემჟღავნებინა ადამიანური ღირსებები, გულისხმიერება, კეთილშობილება, სიყვარული, გაეზიარებინა კოლეგების ჭირ-ვარამი და სიხარული. ის გამორჩეულად უყვარდათ და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მშობლიური უნივერსიტეტისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტკივილით თანაუგრძნობს ქალბატონი გულიკოს ოჯახს.
სამარადისო ხსოვნა ღირსეულ კოლეგას, პედაგოგს, მეცნიერს!..