1922 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებით, შეიქმნა საგანმანათლებლო სივრცე, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში.
დაარსებიდან მალევე, სტუ იქცა შესაძლებლობების კერად, მათთვის ვისაც სურდა უშუალოდ მიეღო მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ თუ კულტურულ განვითარებაში. ის იქცა ადგილად, რომელიც მოქალაქეებს აძლევდა საშუალებას აღმოეჩინათ და ეკვლიათ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლის გზები, განეხორციელებინათ ქვეყნისათვის არაერთი საამაყო პროექტი- ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჩანაფიქრის - „ენგურჰესის“ მშენებლობიდან დაწყებული, კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - „რეფლექტორის“ გაშვებით გაგრძელებული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანი მაშინაც და დღესაც, იყო და არის ის, რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, განავითაროს დარგები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისათვის.
სტუ თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი და ხელმძღვანელობს მათი დიდი ქარტიის პრინციპებით. აღნიშნული საერთაშორისო კავშირები, უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეს ორმაგი ხარისხისა და გაცვლითი პროგრამები, გაიზიაროს მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების გამოცდილება, ასევე საქართველოში მოიწვიოს მსოფლიოში წამყვანი პროფესორები და საერთაშორისო სტუდენტები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus Mundus-ის პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწსებულებებში. 2015 წლიდან დაიწყო ERASMUS + პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა, ევროპის პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად 34-ზე მეტი პროექტი წარადგინა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1 ცენტრი და 13 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებენ 172 საგანმანათლებლო პროგრამას. სტუ-ის სტუდენტები იღებენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათლებას, რაც დასტურდება იმით, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების უმრავლესობა საქართველოში წამყვან კომპანიებში არიან დასაქმებულნი, ასევე , როგორც მკვლევრები მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს და მემორანდუმი აქვს გაფორმებული ადგილობრივ კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რაც სტუდენტებს პირველი კურსიდანვე აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ.
ჩვენი მიზანია თითოეულ სტუდენტს, მივცეთ სათანადო განათლება და რესურსი. გვჯერა, რომ ცოდნა სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის და რომ სამყაროს უამრავ გამოწვევას, მხოლოდ ცოდნითა და გამოცდილებით ვუპასუხებთ.