2023 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საზეიმოდ გაიხსნა გამოჩენილი ქართველი ემიგრანტი პროფესორის ევროკავშირის ქართველი მამის მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორია. ამავე დღეს აღინიშნა ასევე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 7 წლის იუბილე, რა დროსაც ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებანი. ლაბორატორიის გახსნაზე საჯარო ლექცია წაიკითხეს პროფესორებმა ვაჟა შუბითიძემ და ედიშერ ჯაფარიძემ ,,ნიკო ნიკოლაძე და მიხეილ მუსხელიშვილი -ევროინტეგრაციის სათავეებთან’’. საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
ლაბორატორია ოფიციალურად გახსნა და სიტყვა წარმოსთქვა სტუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს სტუ-ს კანცლერმა პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და სხვებმა.
მიხეილ მუსხელიშვილის ლაბორატორია მიზნად ისახავს მიხეილ მუსხელიშვილის დიდი ღვაწლის ქართველი და უცხოელი საზოგადოებისათვის გაცნობას, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლას, თარგმნას და გამოცემას. ამასთან ერთად ლაბორატორიის მიზნებია:
კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების ეფექტიანად წარმართვის საერთაშორისო სტანდარტების და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა,
სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების და სწავლების ხელშეწყობა ევროკავშირის პოლიტიკის და საერთაშორისო სამართლის, მიმართულებით,
ქართველი ემიგრანტების ღვაწლის წარმოჩენა საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში,
საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა.