სტუ

2016 წლის 25 მაისიდან საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჩამოყალიბდა,  რომლის მიზანი იყო,   საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა  დაარსებულიყო, რათა  სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება მიეღოთ. 

ფაკულტეტი შეიქმნა ისეთ ძლიერ საფუძველზე, როგორიც იყო სოციალურ მეცნიერებათა, უკვე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და სამართლის დეპარამენტი. 

 აღსანიშნავია, რომ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, 2006 წლიდან პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაზაზე ჩამოყალიბდა და 2013 წლიდან, ფუნქციონირებდა როგორც სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, შემდგომში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე. 

სამართლის დეპარტამენტის ისტორია 1978 წელს პატენტმცოდნეობის კათედრის შექმნით დაიწყო, დროთა განმავლობაში კათედრა იცვლებოდა, ფართოვდებოდა, ყალიბდებოდა სამართლის კათედრად, რომელსაც  კონკურენცია უნდა  გაეწია სხვა უმაღლესი სასწავლებლებისათვის.  

კათედრას  ჩამოყალიბების დღიდან ხელმძღვანელობდნენ სამართლის სფეროში გამოჩენილი მეცნიერები და პროფესორები: მინდია უგრეხელიძე, ქეთევან ქოქრაშვილი, ზაზა რუხაძე, ჯემალ გახოკიძე და ირაკლი გაბისონია.

2017 წლის 23 იანვრიდან, სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიური საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი გაბისონია  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველ დეკანად აირჩიეს. 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს რამდენიმე სასწავლო ლაბორატორია:

- კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცესს. ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმასა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს  პროფესიონალ კადრებს.

- პრაქტიკული სამართლის კლინიკა  სტუდენტებს   ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება.  სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ატარებენ.  

- საჯარო სამართლის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ზურაბ მელქაძე, უნიკალურია თავისი ექსპონატებითა და ბიბლიოთეკით, მასში შეიძლება ნახოთ მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტები და ქვეყნების სიმბოლიკა. მათ შორის წარმოდგენელია ძველი ქართული სამათლებრივი ძეგლები, საქართველოს პირველი და მოქმედი რესპუბლიკის ამსახველი ექსპოზიცია. 


ფაკულტეტს გააჩნია რუსულენოვანი სასწავლო სექტორი, სადაც განათლებას იღებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სტუდენტები მეზობელი ქვეყნებიდან, აგრეთვე ფუნქციონირებს ქართული ენის კურსები, სადაც სტუდენტს შეუძლია მოემზადოს ქართულ ენაში და განათლება ქართულ ენაზე მიიღოს.