1922 წელს ნ. მუსხელიშვილის, გ. ნიკოლაძის, გ.წულუკიძის, გ.გედევანიშვილის, ა.რაზმაძის, ა. გულისაშვილის, ა.ხარაძის, ა. ბენაშვილის, ვ. კაკაბაძის და სხვათა მონაწილეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, სადაც ქართველ სწავლულ ინჟინრებთან ერთად საქმის სათავეში მოექცა ინჟინერ-მეტალურგი, შემდეგში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფართო თვალსაწიერის მეცნიერი პროფესორი გ. ნიკოლაძე (1888 – 1931 წწ.). მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით, 1923 წლიდან დაიწყო ინჟინერ-მეტალურგების მომზადება ხოლო, 1928 წელს ჩამოყალიბდა შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა. 1928 წელს პოლიტექნიკური ფაკულტეტი, როგორც ინსტიტუტი გამოეყო უნივერსიტეტს. პირველად მეტალურგები გაერთიანებულები იყვნენ სამთოელებთან, შემდეგ კი ქიმიკოსებთან. დამოუკიდებლად მეტალურგიის ფაკულტეტმა 1931-1934 წლებში იარსება. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო პროფესორი ა. გულისაშვილი (1888-1971 წწ.). 1952 წლიდან მეტალურგიის ფაკულტეტი კვლავ ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე ერთეული.
შავი ლითონების მეტალურგიის კათედრამ (N50) 1937 წელს შეწყვიტა არსებობა და მხოლოდ 1952 წელს აღსდგა. სამი ათეული წლის განმავლობაში კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. ალ. ხვიჩია (1903-1985 წწ.). 1985 წლიდან 2007 წლამდე კათედრას სათავეში ედგა პროფესორი გ. ლომთათიძე, ხოლო ამავე წლიდან პროფესორი ომარ მიქაძე.
1961 წელს კათედრასთან ჩამოყალიბდა მადნების მიღებისა და გადამუშავების პრობლემური ლაბორატორია პროფ. ს.მაზმიშვილის ხელმძღვანელობით. მას პროფ. ნ.წერეთელთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში შენადნების დნობის ტექნოლოგიების დახვეწაში, ღარიბი მადნების გამდიდრების ტექნოლოგიების სრულყოფაში. ამავე ლაბორატორიის ბაზაზე ნ. წერეთლის მიერ, პირველად დამუშავდა და დაინერგა „სპეცკონცენტრატებისა“ და „სპეცპროდუქტების“ მიღებისა და მათგან შესაბამისი მანგანუმიანი ფეროშენადნობების გამოდნობის ეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი ტექნოლოგიები, რომლებზეც გაიცა ოთხი პატენტი და ოთხივე შესყიდულ იქნა „ჯორჯიან მანგანეზის“ (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა) მიერ 2012 და 2020 წლებში.
1972 წელს შეიქმნა ლითონების წნევით დამუშავების კათედრა (N103), რომელსაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რ. ადამია. 1983 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ა. ნოზაძე - საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. 2002 წლიდან კათედრა ჩაიბარა პროფ. დ. ნოზაძემ.
საქართველოში „მასალათმცოდნეობის“ სპეციალობის ჩამოყალიბება სათავეს იღებს 1930 წლიდან, როდესაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ცნობილი მეცნიერის, პროფესორ გიორგი გედევანიშვილის (1883-1957 წწ.) ინიციატივით შეიქმნა „ლითონთა ტექნოლოგიის“ კათედრა და მას ხელმძღვანელობდა 1949 წლამდე. იმავე წლიდან, თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში, კათედრას სათავეში ედგა აკადემიკოსო ფერდინანდ თავაძე (1912-1989 წწ.). 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ამავდროულად იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი.
1959 წლიდან კათედრა ფუნქციონირებდა „ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის“ (N12) სახელწოდებით. 1970-1973 წლებში კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა პროფესორი ი. ჯანელიძე, 1989 წლიდან კათედრას სათავეში ედგა პროფესორი ს. ყურაშვილი. კათედრა მომსახურებას უწევდა 40-ზე მეტ საინჟინრო სპეციალობას.
1961 წელს ჩამოყალიბდა სამსხმელო წარმოების კათედრა (N26) კათედრის გამგედ დაინიშნა დოცენტი ბ. პეტრიაშვილი (1978-1999 წწ.). შემდგომში კათედრას სხვადასხვა დროს განაგებდნენ პროფესორები რ. გვეტაძე და ჯ. ბარბაქაძე.
1981 წელს ფუნქციონირება დაიწყო შედუღების წარმოების მეტალურგიისა და პროცესების კათედრამ (N85), რომელსაც სათავეში ედგა პროფესორი ს. იაკობაშვილი.
1992 წელს N26 და N85 კათედრები გაერთიანდა სამსხმელო წარმოების, შედუღებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების კათედრის (N26) სახელწოდებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპ., პროფ. ვ. კოპალეიშვილი.
1995 წელს პროფესორ გივი ზვიადაძის ინიციატივით მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიხსნა „ფერადი მეტალურგიისა და ნახევარგამტარ მასალათა“ კათედრა (№ 123), რომელსაც შემდგომ შეეცვალა დასახელება და გახდა „ფერადი ლითონების მეტალურგია“. სხვადასხვა წლებში კათედრას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: ავთანდილ წილოსანი და ზურაბ ოქროსცვარიძე. კათედრა ამზადებდა ინჟინრებს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის სპეციალიზაციით.
მნიშვნელოვანი დანატოვარია პროფესორ ჯ. ბარბაქაძის და მასზე დაქვემდებარებულ მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები მაღალი სიმტკიცის თუჯის და მისგან მაღალმდგრადი ბოყვების ჩამოსხმის საკითხებში.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალბატონის, მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ეთერ გიორგიძის ღვაწლი, რომლის მშობლიურ ენაზე შექმნილ სახელმძღვანელოზე სპეციალისტთა მრავალი თაობა აღიზარდა.
აღსანიშნავია ელექტროგლინვის პროცესების ერთ-ერთი ფუძემდებლის პროფესორ ა.ნოზაძის მოღვაწეობა. მისი პრორექტორობის პერიოდში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა მოწინავე პოზიციები მეცნიერებაში. დამყარდა საქმიანი კავშირები საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.
წარუშლელი კვალი დატოვა პროფესორმა ჯემალ ლომსაძემ, ფასდაუდებელია მისი წვლილი ლითონების განივი და ხრახნული გლინვის თეორიის და ტექნოლოგიის დამუშავებაში, ლითონის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კვლევაში.
მაღალი კლასის ინჟინრის პროფესორ მერაბ მიქაუტაძის უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავებული და რეალიზებულია მილადიდვის წარმოების ახალი აგრეგატების შექმნა, მილ-საგლინავი აგრეგატის ტექნოლოგიური ხაზის სრულყოფა.
მეცნიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესორმა ვასილ კოპალეიშვილმა. აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით გამოკვლეული და შექმნილია ორიგინალური სამილე ფოლადების გამა, რომელთა უმრავლესობა დანერგილი იყო რუსთავის მეტალუგიულ ქარხანაში. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სამუშაო „ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში“, ''ფოლადი - მზა პროდუქცია“ აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.
დიდი კვალი დატოვა პროფესორმა რაულ გვეტაძემ, რომლის კვლევითი საქმიანობა ახალი კლასის, უნიკალური თვისებების მქონე, მაღალი სიმტკიცის დეფორმირებადი თუჯების მიღების საფუძვლებში და წარმოების ტექნოლოგიური პროცესების შექმნაში ფასდაუდებელია.
პროფესორ სოზარ (ბაუ) იაკობაშვილის გამოგონებამ „ფოლადის დამუშავების ახალი ტექნოლოგია და ღუმლის კონსტრუქცია“ ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო მისი ხელმძღვანელობით შექმნილი „ციკლოკონვერტორული საშემდუღებლო კვების წყარო ცს–200-ის ლიცენზია გაიყიდა გერმანიაში.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადგამოსაშვები ხვრელიდან მსოფლიოში პირველი საწარმოო ექსპერიმენტალური ბუნებრივი აირისა და ჰაერის-ჟანგბადის, შებერვით განხორციელებულ დნობების საფუძველზე აღდგენითი პროცესის აღმოჩენაზეა გაცემული სამი N390, N437 და N497 მეცნიერული აღმოჩენების დიპლომები და ნობელის პრემიის ლაურიატის პ.კაპიცას ერთი ვერცხლის და ორი ოქროს მედალი, რომელიც მიიღეს ავტორებმა გურამ, ირაკლი და ბენო ქაშაკაშვილებმა.
პროფ. მ. ოქროსაშვილის ხელმძღვანელობით, პირველად შემუშავდა ელექტრონული სხივით ლითონის აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგომი კონდენსაციისას ნანოკრისტალური აგებულების ფხვნილთა მიღების ტექნოლოგია, რომელზეც მიღებულია არაერთი პატენტი და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი.
2008 წელს მეტალურგიის დარგში „წლის ინჟინრის“ საპატიო წოდება მიენიჭა პროფესორ ს. მებონიას. 2012 წელს კი მიიღო საქართველოს ეროვნული პრემია სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის “სამანქანო სისტემებში დარტყმითი მოვლენების პარამეტრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდები და დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია” .
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ეროვნული პრემიის ლაურეტის წოდება მინიჭებული აქვს ათეულობით მეტალურგს.
2006 წელს ფაკულტეტების გაერთიანების შემდეგ, მეტალურგიის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, როგორც „მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების“ დეპარტამენტი, რომელსაც 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით ნოზაძე, ხოლო 2021 წლიდან პროფესორი ზურაბ საბაშვილი. დეპარტამენტში ფუნქციონირებს ორი საგანმანათლებლო პროგრამა: „მეტალურგია“ და „მასალათმცოდნეობა“.
2025 წლიდან „მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების“ დეპარტამენტი გაერთიანდა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან.
საქონტაქტო ინფორმაცია:
ზურაბ საბაშვილი - დეპარტამენტის უფროსი
💧 მ. კოსტავას 69; მე-10 სასწავლო კორპუსი; ოთახი 512
მედეა ჯიბაშვილი - მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
💧 მ. კოსტავას 69; მე-10 სასწავლო კორპუსი; ოთახი 505