სტუ

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბებულია მანამდე არსებული სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დასახელებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, რაც განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის №01-05-04/75 დადგენილების და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2021 წლის 30 სექტემბრის №01-06-02/37 დადგენილებით.

ამჟამად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთ-ერთ დანაყოფს, რომელიც ამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს სატრანსპორტო,  სამანქანათმშენებლო-სამრეწველო და სამეწარმეო   დარგებისათვის. 

ტრანსპორტი ქვეყნის ეროვნული მეურნეობის უმნიშვნელოვანესი და მარად განვითარებადი დარგია, რომლის წინსვლა ერთიანი სატრანსპორტო სისტემის სახით ეფუძნება მისი ყველა სახის (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და სხვა) და ინფრასტრუქტურის (გზები, რკინიგზები, ხიდები, გვირაბები და სხვა) ჰარმონიულ შერწყმას. ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისათვის ასევე დიდია თანამედროვე დონის სამანქანათმშენებლო წარმოების ობიექტების შექმნა და მათი წარმატებული მუშაობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მისიას წარმოადგენს ეროვნული მეურნეობის აღნიშნულ დარგებთან მიმართებაში უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მათი საჭირო ხარისხისა და რაოდენობის სპეციალისტებითა და მეცნიერული კვლევის შედეგებით უზრუნველყოფისათვის.

დღეისათვის ფაკულტეტი აერთიანებს შემდეგ დეპარტამენტებს:

-           მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების დეპარტამენტი (501);

-           სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი (502);

საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი (503);

-           ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტი (504);

-           საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი (505);

მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების დეპარტამენტი  (ყოფილი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრა) ჩამოყალიბდა მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე 1936 წელს. კათედრის დამაარსებელი და პირველი კათედრის გამგე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი გიორგი გედევანიშვილი. მომდევნო წლებში კათედრას ხელმძღვანელებია: პროფესორი მარტინ კასიანი (1941-1949 წწ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი თეიმურაზ ლოლაძე (1949-2000), პროფესორები: ანზორ სირაძე (1989_1994); მერაბ შვანგირაძე (მოვალეობის შემსრულებელი 2000-2010), რაულ თურმანიძე (2010 წლიდან).  დეპარტამენტს 2021 წელს შეუერთდა საწარმოო ტექნოლოგიური მანქანები და მექატრონიკის  დეპარტამენტი. მასში გაერთიანებული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის უძველესი ტრადიციების მქონე ყოფილი „ამძრავთა სისტემების, ჩარხების და კომპლექსების“, „მანქანათმშენებლობის“, წარმოების ავტომატიზაციის“ კათედრები, რომელთა  ჩამოყალიბების სათავეები დაკავშირებულია საქართველოში უმაღლესი სწავლების ჩამოყალიბების თარიღთან. კათედრათა ჩამოყალიბების სათავეებში იდგნენ  საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები: გ. გოცირიძე, გ. ჩიხლაძე, ვ. ცოცხაძე, ი. მიქაძე და სხვები. აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძის ხელმძღვანელობით დაარსდა მასალების ჭრით დამუშავების ქართული სკოლა; პროფესორების რ. თურმანიძის და ბ. ბათიაშვილის ხელმძღვანელობით 1980 წელს ჩამოყალიბდა მიკრო¬ელექტრონული ტექნიკის მასალების დამუშავების საკვლევ-სამეცნიერო ლაბორატორია; 1984 წელს ჩამოყალიბდა პრეციზიული მიკრო-იარაღებისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის ლაბორატორია.  მიღებულია ორ ათეულზე მეტი საავტორო მოწმობა, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების (აშშ, ევროგაერთიანების ქვეყნები, იაპონია) პატენტები. გაიყიდა ლიცენზიები იაპონიაში, საფრანგეთში, კუბაზე. საერთაშორისო გრანტების თემატიკით შესრულდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. თანაშემსრულებლები იყვნენ ბრიტანეთის ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი. საინჟინრო პროექტების  დამკვეთები ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტი. საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულია და დანერგილია მაღალეფექტური საჩარხო სისტემები.

სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი - 2012 წელს პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის კათედრების გაერთიანებით ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა „პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის“ დეპარტამენტი (ამჟამად – სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი). დეპარტამენტს 2018 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი ნია ნათბილაძე. უფრო ადრე (1999 წელს) პროფესორმა ჯუმბერ უფლისაშვილმა ჩამოაყალიბა „ბეჭდვითი მედიისა და კომპიუტერული გრაფიკის“ კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2018 წლამდე.  1993 წლიდან კი ფუნქციონირებდა „მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის“ კათედრა, რომელსაც ამავე წლიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ლია დემეტრაძე. 1961 წელს დაარსდა „ხის დამუშავების ტექნოლოგიის“ კათედრა რომლის გამგეები იყვნენ  პროფესორები: რევაზ ახვლედიანი და გიორგი ჯაბუა, 2011 წელს კათედრა გადაკეთდა სატყეო-ტექნიკურ დეპარტამენტად, რომლის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ზაურ ჩიტიძე. აღნიშნული დეპარტამენტი 2021 წელს შეუერთდა სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს. 1946 წელს საქართველოს იმდროინდელი ინდუსტრიული ინსტიტუტის (სიი) მექანიკურ ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების კათედრა, რომელიც დღეს წარმოდგენილია კათედრას/დეპარტამენტს ხელმძღვანელობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია (1946-1959 წწ.), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ალექსანდრე კაკალაშვილი (1959-1990 წწ.), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ნოდარ ზალდასტანიშვილი (1990-1997 წწ.), საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი თამაზ მეგრელიძე (1997-1961 წ ა. კაკალაშვილის ხელმძღვანელობით კათედრასთან ჩამოყალიბდა ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის საპრობლემო ლაბორატორია, დამუშავდა ჩაის საგრეხი და საფერმენტაციო მანქანების ახალი კონსტრუქციები. 1996 წელს კათედრას შეუერთდა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა და მას ეწოდა „კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების და საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა“. 2007 წელს კათედრა გაერთიანდა ფაკულტეტზე ახლად ჩამოყალიბებული მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის შემადგენლობაში. დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაყვანილი იქნა პროფესორი თამაზ მეგრელიძე, ხოლო კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობებისა და წარმოების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტ.მ.დ. პროფესორი ზურაბ ჯაფარიძე. 2013 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემოვიდა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დირექტორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის,  პროფესორი ნუგზარ ბაღათურიას ხელმძღვანელობით.

საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი - 2007 წელს, ფაკულტეტთან არსებული ზოგად-ტექნიკური დისციპლინების ბაზაზე, ჩამოყალიბდა მსხვილი სასწავლო-სამეცნიერო ერთეული  - საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად ღვაწლმოსილი  მეცნიერი,  პროფესორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ა. შავგულიძე დაინიშნა. 2011-2021 დეპარტამენტს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი იოსებ ბაციკაძე, ხოლო 2021 წლიდან - პროფესორი გოჩა ჩიტიაშვილი ხელმძღვანელობს. 2014  წლიდან  ექსპლუატაციაში შევიდა საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტთან არსებული პროფესორ ანზორ შავგულიძის სახელობის კომპიუტერული ცენტრი. დღეისათვის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში  გაერთიანებულია  საინჟინრო  გრაფიკის, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის, მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო  მანქანების   სასწავლო კურსები და მოდულები.

ტრანსპორტის და მრეწველობის  მენეჯმენტის დეპარტამენტი  - 1917 წელს დაარსებულ თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (რუსულენოვანი) სულ ოთხი კათედრა არსებობდა, მათ შორის ეკონომიკის და ორგანიზაციის კათედრაც იყო. მისი გამგე და ამავე დროს ეკონომიკური ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო ი. ს. გამბაროვი. 1936 წლიდან არსებულ საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში კათედრა ზოგად საინსტიტუტო სტატუსით ფუნქციონირებდა. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კი კათედრა ფუნქციონირებდა „ეკონომიკის და ორგანიზაციის კათედრის“ სახელით და ემსახურებოდა ყველა საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტს, აგრეთვე ამზადებდა ინჟინერ-ეკონომისტებს. კათედრას თავის დროზე უძღვებოდნენ აკადემიკოსი ა. გუნია, პროფესორები ბ. კელენჯერიძე და გ. დიდიშვილი. კათედრაზე მოღვაწეობდა პროფესორი გიორგი გეგეშიძე. დღეისათვის დეპარტამენტს უძღვება პროფესორი გ. ტყეშელაშვილი.

საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის - საქართველოში ლოგისტიკის მეცნიერებისა და თანამედროვე ტრანსპორტის მენეჯმენტის დანერგვისათვის 2011 წელს ჩამოყალიბდა ლოგისტიკის დეპარტამენტი (2021 წლამდე). დეპარტამენტის ორგანიზების ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო პროფესორი გიორგი დობორჯგინიძე. დეპარტამენტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო DAAD-თან და ბერლინისა და ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებათა დარგების (TUB, FH Wildau) – ტექნიკურ უნივერსიტეტებთან  თანამშრომლობით გერმანულენოვანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის შემუშავება და იმპლემენტაცია.   საავტომობილო ტრანსპორტის კათედრა შეიქმნა 1940 წელს. 1946 წელს კათედრას გამოეყო კათედრა სახელწოდებით ,,ავტომობილები, ტრაქტორები და საავტოტრაქტორო ძრავები“. 1971 წელს იგი გაიყო „ავტომობილებისა და ტრაქტორების“ და ,,შიგაწვის ძრავების“ კათედრებად, ხოლო 1984 წელს კათედრები კვლავ გაერთიანდა და დაერქვა „ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საზეთი მასალების“ კათედრა. 1998 წელს კი კათედრების შერწყმით შეიქმნა ახალი კათედრა, რომელზეც თავი მოიყარა საავტომობილო დარგის ყველა სპეციალობამ და კვლავ ეწოდა ,,საავტომობილო ტრანსპორტის“ კათედრა. კათედრის გამგეები იყვნენ: პროფ. გ უშვერიძე (1940-1970 წ.წ.), დოც. გ. მეძმარიაშვილი (1970-82 წ.წ.), პროფ. ი. ქოჩიაშვილი (1982-87 წ.წ.), პროფ. მ. ედილაშვილი (1987-93 წ.წ.), პროფ. ვ. ლეკიაშვილი (1993-1998 წ.წ.). 1946-60 წ.წ. ,,ავტომობილების, ტრაქტორების და საავტოტრაქტორო ძრავების“ კათედრის გამგე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, პროფ. რ. დვალი; 1960-84 წწ. საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფ. რ. ფარცხალაძე; ,,შიგაწვის ძრავების“ კათედრის გამგე 1971-77 წლებში  იყო პროფ. დ. პეტრიაშვილი, ხოლო 1977-84 წ.წ. დოც. ჯ.იოსებიძე. 1984-1988 წ.წ. ,,ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საზეთი მასალების“ კათედრის გამგე იყო პროფ. ჯ. იოსებიძე. 1998 წლიდან დღემდე გაერთიანებულ კათედრის, ამჟამად საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია საქართველოს და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების და საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფ.  ჯ. იოსებიძე. დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულია მრავალი ნაშრომი მაღალ რეიტინგულ გამოცემებში. მათ შორის არის 2 მონოგრაფია, რომელიც აღინიშნა  საქართველოს სახელმწიფო პრემიით მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, აღსანიშნავია აღმოჩენის დონის ე.წ. „იოსებიძე-ქუთელიას ეფექტი“.  2023 წელს ეს ორი დეპარტამენტი გაერთიანდა და ჩამოყალობდა ერთი მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების დეპარტამენტი 

სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი - 1959 წელს ჩამოყალიბებულ იქნა  „ვაგონმშენებლობის, სავაგონო მეურნეობის და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვის პროცესების მართვის“,  „ელექტრული ტრანსპორტი“-ს და შემდგომში  „სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და კავშირგაბმულობის“ კათედრები, რომლებსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მაღალი რანგის გამოჩენილი პიროვნებები: პროფესორი ბორის ლეჟავა; საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, პროფესორი ლავრენტი აბულაძე; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი აკაკი ჩხაიძე; საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ლევან აბელიშვილი; სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი სერგო კარიპიდისი; პროფესორი მიხეილ გურგენიძე და სხვა გამოჩენილი პიროვნებები. 2013 წელს შეიქმნა სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელსაც დაარსებიდან დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი ავთანდილ შარვაშიძე. დეპარტამენტში ფუნქციონირებს „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობებისა და ინფრასტრუქტურის სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი“. განხორციელებულია საქართველოს რუსთაველის ეროვნული ფონდით დაფინანსებული მნიშვნელოვანი პროექტები.

ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში და კონგრესებში, გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის მრავალი უცხოურ გამოცემებში, მიღებულია მრავალი გამოგონება და პატენტი. ხორციელდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროექტი.

2024 წლის 6 ივნისიდან დღემდე, ფაკულტეტის დეკანია ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ბორის გითოლენდია.