„ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის წარსული, კულტურა, ტრადიციები მთავარი ღირებულებებია, ვურჩევ ეროვნულ მუზეუმში გაეცნონ ქართული ქრისტიანული კულტურის პირველსაწყისსა და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, რომელთა შორის, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი, არის საქართველოს უკვდავი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნოდარ ტაბიძის კლუბის პრეზიდენტმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა არჩილ გურგენიძემ, ეროვნულ მუზეუმში შემეცნებითი ექსკურსიის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორიის ინიციატივითა და ნოდარ ტაბიძის კლუბის, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტები იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის, ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელის კახა ძაგანიას თქმით, ეროვნულ მუზეუმში ვიზიტს შემეცნებითი ექსკურსიის დატვირთვა ჰქონდა.
„ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორია, რექტორის მხარდაჭერით, მუდმივად ატარებს გასვლით ღონისძიებებს, რომლის ძირითადი მიზანია, სტუდენტებს შორის, ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბება და დაცვა.
სტუდენტების ეროვნულ მუზეუმში ვიზიტი, შემეცნებითი ექსკურსია უკავშირდება იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერს.
ბერმა იოანემ დაგვიტოვა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის ოთხი ხელნაწერიდან სამი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.
პალიმფსესტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და აჩუქა მუზეუმს, იოანე ზოსიმეს პირველი ხელნაწერია, რომელმაც საქართველოში დაიდო სავანე. ამ უნიკალური ხელნაწერის და სხვა ღირსშესანიშნაობების გასაცნობად, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გადაწყვეტილებით, ნოდარ ტაბიძის კლუბთან ერთად მოვაწყვეთ შემეცნებითი ექსკურსია.