1922 წლის 16 იანვარს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, სადაც შეიქმნა სამი განყოფილება: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. დეკანად აირჩიეს პროფესორი ა. დიდებულიძე. 1924 წლის დასაწყისისათვის ფაკულტეტის სამ კურსზე ირიცხებოდა 277 სტუდენტი, რომელთა სწავლა-განათლებას ემსახურებოდა 236 პედაგოგი და ტექნიკური მუშაკი, მათ შორის 36 პროფესორი და 20 დოცენტი.
1928 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლიტექნიკური ფაკულტეტი გამოეყო და მის ბაზაზე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა. მალე მის შემადგენლობაში, იმ პერიოდში უკვე არსებული რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადავიდა, სადაც სამშენებლო განყოფილება სამშენებლო ფაკულტეტად გარდაიქმნა და ქართულ და რუსულ სექტორებად ჩამოყალიბდა. ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას პროფესორი კ.ზავრიევი ასრულებდა.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტრუქტურაში სამშენებლო ფაკულტეტის განყოფილებები ასეთი იყო: გზებისა და ხიდებისა განყოფილება (ორი სექტორი, ქართული და რუსული); ჰიდროტექნიკური განყოფილება (ორი სექტორი, ქართული და რუსული); არქიტექტურული განყოფილება (ქართული სექტორი); სატრანსპორტო-საექსპლუატაციო განყოფილება (რუსული სექტორი).
1960-იან წლებში ახალ მოთხოვნათა შესაბამისად ფაკულტეტზე ორი სპეციალობა გაიხსნა: “თბოაირმომარაგება და ვენტილაცია” (1963 წ) და “სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება” (1967 წ.), რომელთაგან პირველი ინჟინერ-მშენებლებს თბოაირმომარაგებისა და სამრეწველო ვენტილაციის დარგში ამზადებდა, ხოლო მეორე – ინჟინერ-მშენებელ ტექნოლოგებს სამშენებლო ინდუსტრიის ისეთი მნიშვნელოვანი დარგისთვის, როგორიცაა ბეტონისა და რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციების წარმოება.
განვითარების ინტენსიურმა პროცესმა განაპირობა იმის აუცილებლობა, რომ სამშენებლო ფაკულტეტისგან 1969 წელს, ჯერ არქიტექტურული გამოეყო, ხოლო 1971 წელს ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტები. ფუნდამენტურ ცვლილებათა შედეგად სამშენებლო ფაკულტეტზე მხოლოდ ორი სპეციალობა დარჩა: “სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა” და “სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება”. 1976 წელს მათ, საინჟინრო-პედაგოგიური სპეციალობა “მშენებლობა” დაემატა, რომელიც საშუალო სპეციალური და პროფტექნიკური სასწავლებლებისთვის, სამშენებლო დისციპლინების ინჟინერ-მასწავლებლებს ამზადებდა.
2000 წელს შეიქმნა, ახალი N122 „ნაგებობათა ტექნიკური დიაგნოსტიკის და ტექნიკური ექსპერტიზის“ კათედრა. ამ კათედრის ძირითადი მიმართულება ნაგებობათა კვლევა, დიაგნოსტიკა და ტექნიკური ექსპერტიზა იყო.
სხვადასხვა დროს ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ დეკანები: გ.მუხაძე, შ.ცოტაძე, პ.ურიდია, დ.დოლიძე, ა.კაკუშაძე, ქ.ანდღულაძე, ნ.დანელია, გ.ნინუა, ლ.გველესიანი, მ.ადეიშვილი, რ.იმედაძე, გ.ლაღუნდარიძე, ზ.გედენიძე, დ.გურგენიძე, ზ. გვიშიანი.
ფაკულტეტზე მოქმედებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: მშენებლობა –საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო; სამოქალაქო ინჟინერია-საბაკალავრო; მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი-საბაკალავრო; Строительство-საბაკალავრო (რუს.); სანდიეგოს სახ.უნივერსიტეტი-სამოქალაქო ინჟინერიის და სამშენებლო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა; მშენებლობის მენეჯმენტი-სამაგისტრო; Water Engineering-(ინგლ.)-სამაგისტრო; სამხედრო ინჟინერია-სადოქტორო პროგრამა.
2013 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობების საინჟინრო აღჭურვის № 105 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა. დეპარტამენტს 2017 წლის მარტამდე პროფესორი ნიკოლოზ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა, 2017 წლის მარტიდან კი, პროფესორი გურამ სოსელია, რომელიც პროფესორმა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილმა ჩაანაცვლა. დეპარტამენტს 2022 წლის მაისში შეუერთდა ჰიდროტექნიკის დეპარტამენტი და ახალ გაერთიანებას - ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი ეწოდა.
1985 წელს, ყოფილ #90 კათედრის (მიმართულება) "ავტომატიზებული დაპროექტების სისტემები" ბაზაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფ. ი. ვერულავას სახ. მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი დაარსდა, რომელიც იმ დროისათვის, ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით, ერთ-ერთ პირველ კათედრას წარმოადგენდა.
1985-2001 წლებში, მიმართულების პირველი ხელმძღვანელი და დამაარსებელი პროფ. იუზა ვერულავა იყო. 2001 წლიდან 2004 წლამდე (გარდაცვალებამდე) მიმართულებას ხელმძღვანელობდა პროფ. ნიკოლოზ თოდუა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მიმართულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებაში. 2004 წლიდან მიმართულებას პროფ. მურმან კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. 2011 წლიდან მიმართულება მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების #106 დეპარტამენტად გარდაიქმნა.
ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში, განათლების საერთაშორისო გამოფენაში. ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი და სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში: იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები.
ამჟამად ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 8 აკადემიური დეპარტამენტი:
საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი №101; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი №102; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი №103. ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი N104; საგზაო დეპარტამენტი №105; მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი №106; მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი №107; სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი №108.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები:
მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო ლაბორატორია; ჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია; ა. გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია; წყალმომარაგების, წყალარინების და წყლის გაწმენდის ლაბორატორია.