25/11/2026
ინოვაციური სასწავლო სივრცე სტუ-ში – სტუდენტები ცოდნას კომპანია „ავტობანის“ სივრცეში მიიღებენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ავტობანს“ შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ინოვაციური სასწავლო აუდიტორია გაიხსნა. პლატფორმა, ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიურ ცოდნა თანამედროვე ავტოინდუსტრიის რეალურ გამოწვევებს დაუკავშირონ.
ახალი სივრცე მომავალი ინჟინრების პროფესიულ ჰაბად იქცევა. უახლესი ტექნოლოგიებითა და სასწავლო რესურსებით აღჭურვილი გარემო სტუდენტებს ხელს შეუწყობს, სწავლის პერიოდშივე გაიცნონ დარგის ლიდერები. აუდიტორიაში რეგულარულად გაიმართება პრაქტიკული სემინარები, თემატური ლექციები და წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
„თანამედროვე უმაღლესი განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად განისაზღვრება აკადემიური ცოდნისა და რეალური ინდუსტრიული გამოცდილების ინტეგრაციით. ამდენად, კერძო სექტორთან პარტნიორობის გაღრმავება უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი საფუძველია. უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ სარგებელს ქმნის – სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის პროცესშივე დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებს, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საწარმოო პროცესებს, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და გაზარდონ დასაქმების პერსპექტივა. თავის მხრივ, კომპანიები მონაწილეობენ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, ხოლო უნივერსიტეტი საკუთარ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალს რეალური ეკონომიკის საჭიროებებს უკავშირებს. ეს თანამშრომლობა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის ინტერესებით არ შემოიფარგლება – იგი ქმნის ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლის, ინოვაციების დანერგვის, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელოვან საფუძველს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კერძო სექტორის წამყვან წარმომადგენლებთან მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ მხრივ აღსანიშნავია პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: „თეგეტა ჰოლდინგი“, „ბაუმერი“, „ლაიონ ტრანსი“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „არემჯი“ და სხვა ორგანიზაციები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ უნივერსიტეტის სივრცეში კერძო სექტორის მხარდაჭერით შექმნილ თანამედროვე სასწავლო და პრაქტიკულ ცენტრებსა და ლაბორატორიებს. ამ კუთხით გამოსარჩევია „ბაუმერის“ საგანმანათლებლო და სადემონსტრაციო სივრცე, „ლაიონ ტრანსის“ მხარდაჭერით გახსნილი ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამედროვე სასწავლო ცენტრი. ამ თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელებაა კომპანია „ავტობანის“ მხარდაჭერით შექმნილი ინოვაციური სასწავლო სივრცე. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები მომავალშიც გაფართოვდება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობით უნივერსიტეტში, კიდევ უფრო მეტი თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობა შეიქმნება. ჩვენი საერთო მიზანია, მოვამზადოთ პროფესიონალები, რომლებიც არა მხოლოდ უპასუხებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში“. – აკადემიკოსი დავით გურგენიძე
სტუ-ის რექტორთან ერთად, ახალი სასწავლო პლატფორმის გახსნის ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებლებმა ბაკურ ხუნდაძემ და ნინო გოგოლაძემ, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ, სტუ-ის დამსახურებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა, ტრანსპორტის დარგის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის მონაწილე ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევარებმა, კილის უნივერისტეტის(გაერთიანებული სამეფო) ბიზნესის სკოლის მეწარმეობის მიმართულების დირექტორმა, დოქტორმა კოლინ რიგბიმ, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ალექსანდრ სლადკოვსკიმ, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და მოქმედმა ავტომრბოლელმა შალვა ობგაიძემ, ასევე, პროექტის არქიტექტორმა თორნიკე დადიანმა.