16/11/2026
სტუ ტრანსპორტის დარგის საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – TBEA26 მასპინძლობს
24-26 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტრადიციული, რიგით მე-10 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია – TBEA26” გაიმართება.
ფორუმი ტრანსპორტის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მაღალრეიტინგული საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმაა. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეა სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან წამყვანი ქართული და უცხოური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციები:
- სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი);
-
ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო);
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
-
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (საქართველო);
-
სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი (საქართველო);
-
სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ (საქართველო).
კონფერენციას 11 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, პორტუგალია, ბულგარეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და საქართველო) 30-ზე მეტი უნივერსიტეტის, სამეცნიერო ცენტრისა და ბიზნესორგანიზაციის 20-მდე დელეგაცია ესტუმრება. ჯამში, ფორუმში მონაწილეობს 200-ზე მეტი მკვლევარი და მეცნიერი.
სესიებზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე სამეცნიერო მოხსენება და კვლევის შედეგი შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:
- საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები;
-
ურბანული ტრანსპორტი და ლოგისტიკა;
-
ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები (ITS) და ინდუსტრია 4.0;
-
მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა, დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება;
-
ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხები და სხვა.
კონფერენციის ეგიდით, პარალელურ რეჟიმში, ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ვორკშოპებს თემებზე: „ხელოვნური ინტელექტი (AI) კვლევებში და სამეცნიერო მენეჯმენტი“, „დარგობრივი მეწარმეობა“ და ტრანსპორტის სხვა აქტუალური საკითხები. ამასთან ქართველი და უცხოელი დელეგაციის წევრთა მონაწილეობით გაიმართება „საერთაშოროსო თანამშრომლობის გაძლიერების“ ფორუმი.
კონფერენციის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, კერძოდ წარდგენილი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება პრესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „TRANSPORT PROBLEMS“, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ისა და Web of Science (WoS) საერთაშორისო ბაზებში.
კონფერენციას მხარს უჭერენ საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესორგანიზაციები და ინსტიტუტები. ღონისძიების სპონსორები და ბიზნესპარტნიორები არიან:
-
„ჰანიველ ცემენტი“ (Hunnewell Cement)
-
„ლაიონ ტრანსი“ (Lion Trans)
-
„იასა ჯორჯია“ (IASA Georgia LLC)
-
„ინოვაციებისა და კვლევების ინსტიტუტი“ (Georgian Institute for R&I – GIRI)
კონფერენცია 24 ნოემბერს, 11:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნება. სასესიო მუშაობა 25 ნოემბერს (ქართული და საერთაშორისო სასესიო პანელების ფორმატში) გაგრძელდება, ხოლო ოფიციალური დახურვა 26 ნოემბერს გაიმართება. პროგრამა ასევე მოიცავს სოციალურ, კულტურულ და აკადემიურ აქტივობებს ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.
ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ ტრადიციული საერთაშორისო ფორუმია, რომელიც ქართული და უცხოური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლობით წელს უკვე მეათედ იმართება. წლევანდელი საიუბილეო კონფერენცია ეძღვნება ცნობილი მეცნიერის, არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკის 70 წლის იუბილეს.