საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა დელეგაცია ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València – UPV), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის საგრანტო პროექტის – LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციასა და საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნით შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვსი ქვეყნის ათი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, პარტნიორ უნივერსიტეტებში დანერგილი ინიციატივების მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი ინსტიტუცია და საქართველოში მისი ეროვნული კოორდინატორია. უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნით ღონისძიებაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ჩართულობას ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, საინჟინრო განათლების მოდერნიზებისა და უნივერსიტეტებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, Erasmus+ LISS24 პროექტი 2023 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება. იგი ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების (Capacity Building in Higher Education – CBHE) მიმართულების ფარგლებში ფინანსდება. პროექტის კოორდინატორია ფინეთის ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Turku University of Applied Sciences).
„პროექტის ძირითადი მიზანია სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში ინოვაციური შესაძლებლობებისა და ბიზნესთან ურთიერთობისთვის აუცილებელი კომპეტენციების გაძლიერება, განსაკუთრებით საინჟინრო განათლების მიმართულებით. ინიციატივა ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, სტუდენტების სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ბიზნესგარემოში მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. LISS24 განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესიდან ბიზნესზე (B2B) გაყიდვების თანამედროვე მეთოდების, ინოვაციების მართვისა და ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომერციული საქმიანობის სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო მიდგომები აერთიანებს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სტუდენტურ შეჯიბრებებსა და ბიზნესთან თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის, აპრილში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში LISS24 პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab) გაიხსნა. იგი დაფუძნდა როგორც სამეცნიერო-კვლევითი ერთეული და წარმოადგენს მულტიფუნქციურ სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით, აგრეთვე ბიზნესსექტორთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას“. – ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში ჩართულია ათი უნივერსიტეტი ფინეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან,სომხეთიდან და საქართველოდან. საერთაშორისო კონსორციუმში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობენ ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ვიენერ ნოიშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.