სტუ
26/10/2026

სტუ-ში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ააიპ „ხელოვნური ინტელექტის თაობამ“ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე სამდღიანი სალექციო კურსი ჩაატარა.

სალექციო კურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ციფრული კომპეტენციების განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა. სალექციო სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი დავით ბარათაშვილი;  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განყოფილების უფროსი არჩილ ოდიშელიძე; ფინანსების სფეროს სპეციალისტი თორნიკე სალდაძე და  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან IT ორგანიზაციებში პროფესიული საქმიანობის გამოცდილებით გოჩა წიქარიშვილი.

სტუ-ში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა.png

ღონისძიება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ასევე,  მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა.

„ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ სიახლეებს, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ის კომპეტენციები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. მოხარულები ვართ, რომ ორგანიზაცია „ხელოვნური ინტელექტის თაობასთან“ თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ“. – ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი

სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, სამდღიანი სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იყო ოთხი ძირითადი თემატური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში –  AI ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ პროცესებსა და ანალიტიკაში; პრომპტინგი და AI არქიტექტურა – ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ეფექტიანი ურთიერთქმედება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები; კოდირების ტრანსფორმაცია –  ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და პროგრამირების თანამედროვე მიდგომებზე და ციფრული ფრონტი და უსაფრთხოება – ციფრული გარემოს თანამედროვე გამოწვევები, კიბერუსაფრთხოება და ტექნოლოგიური რისკები.

„სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის სწავლის, მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესებს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლობით გამოყენების პრინციპების გააზრება. სტუდენტური თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი ინტერესების მხარდაჭერა და ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებაში დაეხმარება“. – სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი

მოწვეულმა სპიკერებმა სალექციო კურსის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. სალექციო კურსი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ თემატურ განხილვებში, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა.

სამდღიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ და დეკანის მოადგილე გოგი აბრამიშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები, სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარი და ვაუჩერი  გადასცეს.