საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით საფუძველი ჩაეყარა სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ქვეყანაში ახალ, მასშტაბურ შესაძლებლობებს შექმნის უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის.
თანამშრომლობის ფარგლებში, AMK Management-მა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა Carl Zeiss-ის თანამედროვე, ვიდეოკამერით აღჭურვილი სამეცნიერო მიკროსკოპი, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, უახლესი სისტემა სპეციალურად არის განკუთვნილი მასალათმცოდნეობის სიღრმისეული ანალიზისთვის. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება რთული სტრუქტურების მაღალი სიზუსტით შესწავლა და დიაგნოსტიკა, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პრაქტიკული უნარების განვითარება.