სტუ
17/07/2026

ფაკულტეტს Erasmus+ CBHE პროექტის GreenEngine კოორდინატორი სტუმრობდა

მიმდინარე წლის 14 ივლისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, საქმიანი ვიზიტით ეწვია Erasmus+ CBHE საერთაშორისო პროექტის GreenEngine – „კრეატიული ინჟინერიის ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ კოორდინატორი და კონსორციუმის ხელმძღვანელი, პროფესორი ფარხად ნიაზოვი.

პროფესორმა სამუშაო შეხვედრები გამართა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და იმ აკადემიურ პერსონალთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის ძირითადი ფაზით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. კერძოდ, ფაკულტეტის აკადემიური გუნდი ამჟამად მუშაობს პროექტის ფარგლებში განსაზღვრული სილაბუსების მომზადებაზე.

ამ ეტაპზე აკადემიური პერსონალის მიერ უკვე მომზადებულია შემდეგი არჩევითი სასწავლო კურსები:

  • ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა ინჟინერიაში  – 3 კრედიტი;
  • ინოვაცია და პრობლემების კრეატიული გადაწყვეტა ინჟინერიაში – 3 კრედიტი;
  • ლიდერობა და გუნდის მართვა ინდუსტრიაში – 3 კრედიტი;
  • მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება – 3 კრედიტი;
  • გარემოს დაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა (ქართულ/ინგლისური) – 3 კრედიტი;
  • მწვანე ტექნოლოგიები და ეკო-ინოვაციები (ქართულ/ინგლისური) – 3 კრედიტი.

პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის ჩამოყალიბებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. ეს პროცესი გულისხმობს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება კი სწორედ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში შეიქმნება VR (ვირტუალური რეალობის) სწავლებაზე დაფუძნებული თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც სტუ-ის მასშტაბით საგანმანათლებლო და პრაქტიკული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.