სტუ
14/07/2026

მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ნაშრომები წარმატებით დაიცვეს

9 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს.

ფინალურ ეტაპზე საკუთარი ნაშრომები რვა სტუდენტმა წარადგინა. წარმოდგენილი კვლევები და საინჟინრო პროექტები მექანიკის ინჟინერიის თანამედროვე მიმართულებებსა და დარგისთვის აქტუალურ ტექნოლოგიურ საკითხებს შეეხებოდა. სტუდენტებმა მაღალი პროფესიული მომზადება, კვლევითი უნარები და პრაქტიკული ცოდნა წარმოაჩინეს, რის გამოც  პრეზენტაციებმა საგამოცდო კომისიის მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა.

ნაშრომების დაცვის დასრულების შემდეგ ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მათ შემდგომ პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვეს.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც სრულად აკრედიტებულია და საერთაშორისო სტუდენტებს ხარისხიან, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას სთავაზობს. ფაკულტეტი მომავალ სასწავლო წელსაც მზადაა, ტრადიციულად უმასპინძლოს ახალ საერთაშორისო სტუდენტებს და ხელი შეუწყოს მათი პროფესიული განვითარების პროცესს.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს პროგრამის სტუდენტებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით და გვჯერა, რომ ისინი ღირსეულ წვლილს შეიტანენ საინჟინრო სფეროს განვითარებაში.