24 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ასოციაციის დამფუძნებლები – გელა კვაშილავა და ირაკლი იზორია ეწვივნენ. შეხვედრას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, გზების როლსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებს iRAP-ის (International Road Assessment Programme) საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით.
სტუმრებმა მიმოიხილეს iRAP-ის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და საგზაო უსაფრთხოების შეფასებისა და გაუმჯობესების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ინსტრუმენტს წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, კვლევით ორგანიზაციებსა და საგზაო ადმინისტრაციებს, რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო გზის ყველა მომხმარებლისთვის.
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტებისთვის დაგეგმილი გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია იყო. დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ iRAP-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგები და აკრედიტაცია, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, მონაწილეობა მიიღონ გზების უსაფრთხოების შეფასების რეალურ პროექტებში, ჩაერთონ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესში და გახდნენ საერთაშორისო პროფესიული ქსელის წევრები.
შეხვედრის დასასრულს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.