22–26 ივნისს, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (HAW-Hamburg), Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში საერთაშორისო სამუშაო ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიებას სტუ-ის სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართულ დელაგაციას სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის მთავარი მიზანი პარტნიორ უნივერსიტეტებში კურიკულუმების მოდერნიზაციის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება იყო.
ტრენინგები დაეფუძნა HAW-Hamburg-ის წარმატებულ პრაქტიკას და ორიენტირებული იყო მომავალი ინჟინრების კომპეტენციების განვითარებაზე. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: ავიაციისა და საავტომობილო სისტემების ფაკულტეტის სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს; ბიზნეს ინოვაციების ლაბორატორიის (BIL) საქმიანობას; მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ციფრული გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკას; პროექტებზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მოდელებსა და სიმულაციურ მეთოდებს. ჩატარდა ვორკშოპები მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების პროფილების მოდერნიზაციის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, ევროპული გამოცდილებისა და საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, იგეგმება სტუ-ის მოქმედი საბაკალავრო პროგრამის „მექანიკის ინჟინერია“ განახლება და სასწავლო მოდულების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტი „DIGITECH“ („ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“) მიზნად ისახავს „ინდუსტრია 4.0“-ისთვის საჭირო უნარების დეფიციტის შემცირებას რეგიონში. საქართველოში პროექტის ეროვნული კოორდინატორია სამეცნიერო ინსტიტუტი „ტექინფორმი“. პროექტის შედეგების პილოტირება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება, რაც ახალი კურსების დანერგვას, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასა და თანამედროვე ლაბორატორიის აღჭურვას მოიცავს.