24 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა Erasmus+ პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში პოლონეთისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ფაკულტეტს ეწვივნენ სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Silesian University of Technology, პოლონეთი) ასისტენტ-პროფესორი ვოლდემარ მუჩა (Assist. Prof. Voldemar Mucha); ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტის (Kütahya Dumlupınar University, თურქეთი) ასისტენტ-პროფესორი მელიჰ ჯანლიდინჩი (Assist. Prof. Melih Canlıdinç), ასისტენტ-პროფესორი ჰალით არატი (Assist. Prof. Halit Arat) და დოქტორანტი კაან კან აქბაბა (PhD Candidate Kaan Can Akbaba); კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Koszalin University of Technology, პოლონეთი) ასისტენტ-პროფესორი სტანისლავ პალუბიცკი (Assist. Prof. Stanisław Palubicki).
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობდნენ ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები. სტუმრებს გააცნეს ფაკულტეტის ისტორია, სტრუქტურა, მიღწევები, განვითარების მიმართულებები და დაათვალიერებინეს ბიზნეს-ჰაბის სივრცეები.
შეხვედრის ფარგლებში უცხოელმა მეცნიერებმა საკუთარი უნივერსიტეტები წარადგინეს და მიმდინარე სამეცნიერო კვლევები მიმოიხილეს. პრეზენტაციები შეეხებოდა მექანიკის, საავიაციო და მონათესავე სფეროების აქტუალურ მიმართულებებს, მათ შორის აეროჰიდროდინამიკური ექსპერიმენტების მოდელირებას, აეროდინამიკური ზედაპირების მოსაზღვრე შრის მართვას, სასრული ელემენტების მეთოდების გამოყენებას სიმტკიცეზე მოდელირებისათვის და წყალბადის ტექნოლოგიების თანამედროვე გამოყენებას.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა აქტიური პროფესიული დისკუსია, რომლის დროსაც მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
ფაკულტეტი აქტიურად უჭერს მხარს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, რაც საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.