სტუ
05/06/2026

ფაკულტეტის თანამშრომლები საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე EUROINVENT 2026 წარდგნენ

2 (1).jpg

28-30 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიკოს თ. ლოლაძის სახელობის „ალმასებისა და კომპოზიციური მასალების“ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები, ასისტენტ პროფესორი ზურაბ ავალიშვილი და დოქტორანტი, ასისტენტი მიხეილ ტაბატაძე  ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთის ქალაქ იაშში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე EUROINVENT 2026, სადაც ისინი წარდგნენ თემატური მოხსენებითა და პოსტერული პრეზენტაციით.

EUROINVENT წარმოადგენს ევროპაში ინოვაციების, გამოგონებებისა და სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, გამომგონებლებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 45-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციამ, წარმოდგენილი იყო დაახლოებით 690 ინოვაციური პროექტი და გამოგონება, 120 სამეცნიერო ნაშრომი და 180 სამეცნიერო გამოცემა. კონფერენცია და გამოფენა გაიმართა იაშის კულტურის სასახლეში (Palace of Culture) და მოიცავდა სამეცნიერო მოხსენებებს, ინოვაციების გამოფენას, საერთაშორისო დისკუსიებსა და დაჯილდოების ცერემონიებს. 

კონფერენციის მაღალი სამეცნიერო მნიშვნელობისა და საერთაშორისო წარმომადგენლობის გათვალისწინებით, ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი სამეცნიერო დისკუსიები, გამოცდილების გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან და მკვლევრებთან.

ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს გადაეცათ სამახსოვრო ჯილდოები და სერტიფიკატები, რაც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და კონფერენციის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის აღიარებას წარმოადგენს. ცნობისათვის, მივლინება დაფინანსებული იყო შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, მიმდინარე პროექტის AR 25-1517 ფარგლებში.