სტუ
28/05/2026

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

5.jpeg

18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტებმა, მოკლე აკადემიური გაცვლის პროგრამის (PROM–NAWA) ფარგლებში, პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology) სტუდენტებსა და პედაგოგებს უმასპინძლეს. 

ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და აკადემიური კავშირების გაძლიერებას. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებისთვის საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი დაიგეგმა. 

სტუმრები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ლაბორატორიულ გაკვეთილებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს დაესწრნე, სადაც შეხვდნენ ავიაციის ინჟინერიის, მექანიკის ინჟინერიისა და ტრანსპორტის პროგრამების წარმომადგენლებს. სპეციალური დღისწესრიგის გათვალისწინებით, პოლონელ კოლეგებს სამშენებლო ფაკულტეტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა. კერძოდ, დელეგაციის წევრმა, პროფესორმა დოქტორმა მიხალ ჯურეკმა მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარში „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობდა. გარდა ამისა, სტუმრებმა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სახვითი და საპროექტო ლაბორატორიებიც დაათვალიერეს.

მსგავსი მოკლევადიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო კვლევითსა და საგანმანათლებლო სივრცეში. ეს არის საუკეთესო პლატფორმა როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სტუ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას და უცხოურ წამყვან სასწავლებლებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

ცნობისთვის, PROM პროგრამა პოლონეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მოკლევადიანი აკადემიური გაცვლის ინიციატივაა, რომელიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ცოდნა და უნარები საერთაშორისო გარემოში. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში, 10-16 მაისს, საპასუხო ვიზიტით პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სტუ-ის დელეგაციაც სტუმრობდა.