სტუ
27/05/2026

სტუ-ის დელეგაციის ვიზიტი ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

1.jpeg

10-16 მაისს, იგნაცი ლუკაშევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტმა (პოლონეთი) საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - „თანამედროვე ტენდენციები საინჟინრო ტექნოლოგიებში“ (International Summer School on Current Trends in Engineering Technologies) უმასპინძლა, რომელიც მოკლე აკადემიური გაცვლის პროგრამის (PROM–NAWA) ფარგლებში მიმდინარეობდა. მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 

კერძოდ, გაცვლით პროგრამაში სტუ-ის მხრიდან ჩართულნი იყვნენ პროფესორი გივი სანაძე და სტუდენტები: გიორგი ცენტერაძე, დავით ხუროშვილი, ლუკა პავლიაშვილი, გიორგი არველაძე და ანი გულოა. საზაფხულო სკოლაში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ასევე, მონაწილეობდნენ კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ლიეტუვა), პორტუს უმაღლესი საინჟინრო ინსტიტუტისა (პორტუგალია) და კრეტის ტექნიკური უნივერსიტეტის (საბერძნეთი) წარმომადგენლები.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო შემეცნებითი და პრაქტიკული ტურები ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წამყვან რობოტიკის, კონსტრუქციების სიმტკიცისა და აეროდინამიკის ლაბორატორიებში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვიზიტი უნივერსიტეტის საფრენოსნო მომზადების ცენტრში, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ სასწავლო თვითმფრინავებს და გამოცდილება მიეღოთ სპეციალურ საფრენ სიმულატორებზე. 

აკადემიური აქტივობების ნაწილში, მოწვეულმა პროფესორებმა საინტერესო ლექციები ჩაატარეს. სტუ-ის პროფესორმა გივი სანაძემ  მოხსენება წაიკითხა თემაზე: „საქართველოს გამოცდილება აეროკოსმოსურ მეცნიერებასა და ინდუსტრიაში“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ PROM პროგრამა პოლონეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მოკლევადიანი აკადემიური გაცვლის ინიციატივაა, რომელიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ცოდნა და უნარები საერთაშორისო გარემოში, რაც ხელს უწყობს მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებას. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია პარტნიორი უნივერსიტეტების საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია 2021-2028 წლის სტრატეგიის შესაბამისად, ორმხრივი აკადემიური გაცვლის სტიმულირება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, პუბლიკაციებისა და კვლევების ხელშეწყობა. 

საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოება და მდგრადი თანამშრომლობის ქსელების შექმნა პირდაპირ აისახება უნივერსიტეტის და ფაკულტეტების პრესტიჟსა და აღიარებაზე. განხორციელებული ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მნიშვნელოვანი ცოდნა, გამოცდილება და სამომავლო პარტნიორობის მყარი პერსპექტივები შეიძინეს. მადლობას ვუხდით პარტნიორ ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აღნიშნული შესაძლებლობების გაზიარებისათვის.