სტუ
07/05/2026

სტუ-ში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსი ჩატარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24: Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, მასშტაბურ ღონისძიებას – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციების კონკურსი“ (Eastern Partnership Innovation Competition) – უმასპინძლებს.

პროექტის მიზანი სტუდენტებში ინოვაციური იდეების პრაქტიკული რეალიზების ხელშეწყობა, სამეწარმეო უნარების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

ღონისძიება ოფიციალურად 19 მაისს გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – ფინეთი, შვედეთი, ესპანეთი და ავსტრია – სტუდენტები, ახალგაზრდა ინოვატორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი სტარტაპ იდეები, ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური პროექტები.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, LISS24-ის ფარგლებში ღონისძიების ჩატარება რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, პროექტი მოიცავს ინტენსიურ მენტორინგსა და სასწავლო ტრენინგების სერიას პარტნიორ უნივერსიტეტებში – საქართველოსა და სომხეთში. კონკურსის ფინალურ ეტაპზე პროექტებს 6 უნივერსიტეტის 12 რჩეული გუნდი წარადგენს – მათ შორის იქნებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები. დეკანის ინფორმაციით, ღონისძიება მასშტაბურია და მას ქართველ და სომეხ კოლეგებთან ერთად დაესწრებიან პროექტის კონსორციუმის წევრები, ხოლო გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს. კონკურსი ჩატარდება სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა, შემოქმედებითობა და სხვა.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციური პლატფორმის მასპინძელია. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციების კონკურსი“ სტუდენტებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ, გაიღრმაონ სამეწარმეო და ტექნოლოგიური უნარები და საერთაშორისო პროფესიულ ქსელებთან კავშირები დაამყარონ. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით ინოვაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე საინჟინრო სფერო სწრაფად ვითარდება და მოითხოვს ახალ, პრაქტიკულ და მდგრად გადაწყვეტილებებს.

საუნივერსიტეტო სივრცეში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება სულ უფრო მეტად ეფუძნება სტუდენტთა იდეების სისტემურ მხარდაჭერას. პროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდებმა იდეის ჩამოყალიბების ფაზაშივე მიიღონ სტრუქტურირებული ცოდნა და აკადემიური თუ პრაქტიკული დახმარება. პროექტი LISS24-ი საგრძნობლად აუმჯობესებს ინოვაციურ ეკოსისტემას და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, ერთი მხრივ, ჩვენი სტუდენტებისთვის, მეორე მხრივ კი, ინსტიტუციურ დონეზე“. – ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია

პროექტი – LISS24 – მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი ახორციელებს, ხოლო შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს. პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.