სტუ
04/05/2026

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობა დაიწყო

1.png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პირველი სამუშაო შეხვედრა ონლაინ გაიმართა, რომელიც სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას მიეძღვნა.

პროგრამა ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში იქმნება და მიზნად ისახავს შრომის ბაზრის დინამიკურ გამოწვევებზე მორგებული კადრების მომზადებას. სააგენტოს წინადადებით, კურიკულუმი იქნება ერთწლიანი და ინტენსიური, რაც დარგს საშუალებას მისცემს ოპერატიულად შეივსოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

ახალი პროგრამა დაფარავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვები; სამგზავრო გადაყვანები; ტრანსპორტის უსაფრთხოება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო აქტიურად ერთვება სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, უწყების ექსპერტები მონაწილეობას მიიღებენ კურიკულუმის შედგენაში, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და რეალური ქეისების სწავლებაში.

აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საგანმანათლებლო სექტორსა და დამსაქმებელს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის სატრანსპორტო სექტორისა და ეკონომიკის განვითარებაზე.