საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის სამ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამატასტურებელი სიგელები გადასცა.
აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორ პროფესორს – ალექსანდრე ბეჟანიშვილს და დემურ ტალახაძეს, ასევე, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს – ვარლამ ლეკიაშვილს გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს აკადემიური საზოგადოების მიერ მრავალწლიანი შრომის, პროფესიული ერთგულებისა და მაღალი სამეცნიერო სტანდარტების აღიარებას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტის განვითარება, მისი ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერება და ქვეყნის საინჟინრო-ტექნიკური პროგრესის ხელშეწყობა პირდაპირ უკავშირდება იმ პროფესორების საქმიანობას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან განათლებისა და მეცნიერების სფეროს.
„სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორების, ალექსანდრე ბეჟანიშვილისა და დემურ ტალახაძის, ასევე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის ვარლამ ლეკიაშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური ტრადიციების განმტკიცებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელოვან საფუძველს. მათი წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ქვეყანას უზრდიან ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობის დარგის სპეციალისტებს. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს უნივერსიტეტის მხრიდან მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი პროფესიული ცხოვრება მიუძღვნეს მეცნიერული აზროვნების განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდას“. – აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – სტუ-ის „ოქროს მედალი” – რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.