სტუ
08/04/2026

Erasmus+ პროექტის EU-AGM სამუშაო შეხვედრა საინჟინრო განათლების გაციფრულებისათვის

7.jpeg

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე Erasmus+ საერთაშორისო პროექტი EU-AGM (Joint societal challenge driven circular economy energy education between Azerbaijan, Georgia, Greece, Moldova and Romania) ხორციელდება.

პროექტის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

პროექტ EU-AGM-ის მიზანია მონაწილე ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზაცია. პროექტი ორიენტირებულია ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელებაზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და განათლების სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციაზე.

პროექტის ფარგლებში ფაკულტეტზე ორი ახალი სასწავლო მოდული მომზადდება, რომლებიც ტრანსპორტის ინჟინერიის პროგრამაში ინტეგრირდება. ასევე, იგეგმება დისტანციური ლაბორატორიის შექმნა და მისი სასწავლო პროცესში ჩართვა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორებიც, რაც ხელს შეუწყობს შედეგების ფართო მასშტაბით გავრცელებას. ინიციატივა მნიშვნელოვნად დაეხმარება არა მხოლოდ საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, არამედ ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმებასა და რეგიონულ განვითარებას. ეს სრულად პასუხობს ევროკავშირის მიზნებს ეკონომიკური მდგრადობისა და ინოვაციური განათლების მიმართულებით.

პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტებზე იგეგმება, ხოლო მის ინსტიტუციურ კოორდინაციას უნივერსიტეტის მასშტაბით ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

EU-AGM პროექტის მარტის თვის ჟურნალი.