საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტის LISS24 (Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab) გაიხსნა.
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, „გაყიდვების ლაბორატორია“ დაფუძნდა როგორც სამეცნიერო-კვლევითი ერთეული და წარმოადგენს მულტიფუნქციურ სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს, რომელიც B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას და ბიზნესსექტორთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, ლაბორატორიის ფუნქციური დატვირთვა მოიცავს მულტიფუნქციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცის ფორმირებას, სადაც ინტეგრირებულია სწავლება, კვლევა და პრაქტიკული საქმიანობა. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, მოდელი ემყარება თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას (experiential learning) და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას რეალურ ბიზნესპროცესებში.
„პროექტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო პროგრამებში გაყიდვების თანამედროვე სტანდარტები, მეთოდები და ინსტრუმენტები დაინერგოს. ლაბორატორიის მეშვეობით სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, განავითარონ ბიზნესგარემოსთვის რელევანტური ისეთი უნარები, როგორიცაა მოლაპარაკებების წარმოება, გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვა და წამყვანი კლიენტების მართვა. ამჟამად აკადემიური პერსონალი ამზადებს შესაბამის სასწავლო კურსებს, რომლებიც უახლოეს მომავალში სხვადასხვა საუნივერსიტეტო პროგრამაში იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საინჟინრო მიმართულების სტუდენტებში გაყიდვების კულტურის დამკვიდრებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“, - აღნიშნავს თამარ წერეთელი.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტით, „გაყიდვების ლაბორატორიისთვის“ შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. პროფესორ ბორის გითოლენდიას ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის სამუშაო სივრცე.
ცნობისათვის, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA102 აქტივობის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას - LISS24“ (Learn - Innovate - Sell - Succeed) კოორდინატორია ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინეთი). პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე, LISS24-ი 2026 წელს დასრულდება.