სტუ
06/03/2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის „DIGITECH“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1.JPG

4-5 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) მასშტაბური პროექტის „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“ (DIGITECH) ფარგლებში, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა  ჩატარდა. აღნიშნული ინიციატივა ორიენტირებულია განათლების შედეგებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრაზე, გამართული შეხვედრები კი, პროექტის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური კვლევის ნაწილს წარმოადგენდა.

კვლევის მიზანია სტუდენტთა ცოდნისა და ტექნიკური უნარების შეფასება, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სტუდენტები და ლექტორები, ისე პოტენციური დამსაქმებლები.

კვლევის შედეგები პირდაპირ აისახება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სასწავლო კურიკულუმებში, რაც სწავლებაში ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირებას, პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას და პროფესორ-მასწავლებლების ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადამზადებას გულისხმობს. დაგეგმილი რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საქართველოში ტექნოლოგიური პროცესების დიგიტალიზაციის მდგრად განვითარებას.

საქართველოდან კონსორციუმს ხელმძღვანელობს სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტექინფორმი“, ხოლო პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი უწევს.

პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან ჰამბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) და მარიბორის უნივერსიტეტი (სლოვენია), მათთან ერთად კი, ინიციატივაში ჩართულია სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან.