საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24; Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, დანიური კომპანია iMotions-ის წარმომადგენლებმა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ახლადდაფუძნებულ „გაყიდვების ლაბორატორიაში“ ორდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაატარეს.
სემინარის მიზანი იყო თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებასა და ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გადამზადება, რომლებიც “გაყიდვების ლაბორატორიის” (Sales Lab) მუშაობაში არიან ჩართულნი.
ტრენინგ-სემინარი სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას განმარტებით, iMotions-ის მენტორთა სემინარები მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სესიებს.
გარდა ამისა, სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ექსპერტებად მომზადებას - სამომავლოდ iMotions-ის პლატფორმის მეშვეობით პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. როგორც ბორის გითოლენდია აღნიშნავს, ტრენინგ-სემინარს სტუ-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად, ესწრებოდნენ კოლეგები ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.
სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.