11-12 სექტემბერს, ქალაქ ვილნიუსში (ლიეტუვა) მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, ევროკავშირის, COST აქტივობის CA23101 – „Building Opportunities for Participation and Accessibility through Lifelong Community Mobility (BOPALiM)“ ფარგლებში, ამავე პროექტის მენეჯმენტის კომიტეტის და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ჩატარდა, რომელშიც საქართველოდან პროექტის მენეჯმენტის კომიტეტის წევრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ.
COST აქტივობის CA23101 – „Building Opportunities for Participation and Accessibility through Lifelong Community Mobility (BOPALiM)“ წარმოადგენს ევროპელი ექსპერტების ქსელს, რომლის მიზანია შექმნას ყოვლისმომცველი ჩარჩო პოლიტიკებისა და ინტერვენციების განსასაზღვრად, რათა ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდეთ საზოგადოებრივი მობილობა. პროექტი ფოკუსირებულია მართვის უნარებისა და ალტერნატიულ ტრანსპორტის საკითხებზე, რომლის საბოლოო მიზანია ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შენარჩუნება.
ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში COST (European Cooperation in Science and Technology) აქტივობა არის ეროვნულ დონეზე დაფინანსებული პროექტების მინიმუმ 5 მონაწილე ქვეყნისგან შემდგარი ქსელი. COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდას და მათი სამეცნიერო აქტივობების სტიმულირებას COST აქტივობების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.