სტუ
04/07/2025

შეხვედრა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან

2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მიმდინარე სიახლეების განხილვა, არსებული პრაქტიკის შეფასება და ინსპექტორთა პროფესიული მომზადების თანამედროვე მიდგომების გაზიარება.

შეხვედრის ფარგლებში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე „ინსპექტორთა ტრენინგი და პროფესიული განვითარება“, რომელშიც ასახული იყო ის ძირითადი მიმართულებები, რაც უკავშირდება პროფესიული კადრების მომზადების სტანდარტების გაუმჯობესებას, თანამედროვე გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ფაკულტეტის განახლებული ტრენინგ-ცენტრის საქმიანობა, მისი ფუნქციები, ინფრასტრუქტურა და არსებული რესურსები, რაც საშუალებას აძლევს ცენტრს ხელი შეუწყოს ინსპექტორთა უწყვეტ პროფესიულ ზრდას.

ღონისძიებას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ღია დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს სექტორის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და ფაკულტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მსგავსი სახის შეხვედრები, სადაც ერთიანდება აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, ხელს უწყობს ტექნიკური ინსპექტირების სფეროში ცოდნის გავრცელებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებასა და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებას.

მონაწილეთა შეფასებით, ინსპექტირების ცენტრების აქტიური მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში არსებითია სექტორის განვითარებისთვის, პროფესიული კადრების ხარისხიანი მომზადებისა და რეგულაციების ეფექტიანი აღსრულების თვალსაზრისით.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ,,სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის“ შემადგენლობაში შემავალი - „პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო“, რომელიც სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ის მიერ აკრედიტებული სტრუქტურული ერთეულია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ცენტრის ტექნიკური პერსონალის საწყისი და განმეორებითი ტრენინგ პროგრამებს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.