სტუ
16/05/2025

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

14.jpeg

14 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „სამკერვალო წარმოება“- სტუდენტების პრაქტიკული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

სტუდენტებმა სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული შემოქმედებითი და პრაქტიკული ნამუშევრები წარმოადგინეს. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა საკუთარი ხელით შესრულებული სამი სხვადასხვა ტიპის სამკერვალო ნაწარმი:

  • ქალის საკაბე-საკოსტიუმე ტიპის სამოსი;
  • მამაკაცის ზედა სამოსის ნიმუში;
  • ბავშვებისათვის განკუთვნილი ასორტიმენტი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სქესობრივი და ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ სამოსს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუდენტების მიერ მომზადებული პორტფოლიოები, სადაც დეტალურად იყო ასახული თითოეული მოდელის მხატვრულ-ტექნიკური ესკიზები, ტექნიკური აღწერილობები, კონსტრუქციული ნახაზები და სამკერვალო ნაწარმის დამუშავების ტექნოლოგიური დოკუმენტაცია.

პორტფოლიოები ასევე მოიცავდა პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში შესრულებული სხვადასხვა მოდულების პრაქტიკულ დავალებებს, რაც ასახავდა სტუდენტების პროფესიული კომპეტენციის ფორმირების პროცესს და მიღწეულ შედეგებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუ-ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროგრამის განმახორციელებლები და სტუდენტები.

ღონისძიება მრავალმხრივად საინტერესო ფორმატში წარიმართა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტების მიღწევების წარმოჩენას, პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და პროფესიულ განვითარებას.

აღსანიშნავია რომ პროფესიული სწავლება და საგანმანათლებლო პროგრამები, ერთ-ერთი პრიორიტეტულია ფაკულტეტისათვის და ამ მიმართულების განსავითარებლად ცენტრალურ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით მუშაობა აქტიურად გრძელდება.