სტუ
08/05/2025

ფაკულტეტზე სტუდენტური ღონისძიება „გაიცანი ჩემი ქვეყანა“ გაიმართა

1.jpg

7 მაისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ადმინისტრაციისა და სტუდენტური სერვისების სამსახურის ინიციატივით ღონისძიება „გაიცანი ჩემი ქვეყანა“ გაიმართა, რომელშიც ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები ერთობლივად მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წარედგინათ პრეზენტაციები საკუთარი ქვეყნების შესახებ და ღონისძიების სხვა მონაწილეებისთვის გაეცნოთ თავიანთი სამშობლოს ისტორია, ტრადიციები, კულტურა და ღირებულებები. 

სტუდენტებმა საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ბუნებისა თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ასევე ისაუბრეს, ეკონომიკური ასპექტებისა და თანამედროვე ცხოვრების თავისებურებებზე. მათ ასევე ხაზი გაუსვეს თავიანთი ქვეყნების მნიშვნელოვან მიღწევებსა და იმას, თუ რას ნიშნავს მათთვის იყო საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი.

გამოსვლებში ყურადღება დაეთმო პირად ემოციურ კავშირს სამშობლოსთან, რაც თითოეულ პრეზენტაციას განსაკუთრებულად შთამბეჭდავს ხდიდა. მსგავსი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულტურათშორისი კომუნიკაციისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე აუმჯობესებს სტუდენტების სოციალურ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

შეხვედრა ძალიან თბილ, მეგობრულ და საინტერესო გარემოში წარიმართა. სტუდენტები დიდი ინტერესით ისმენდნენ თავიანთი მეგობრების მონათხრობს, გამოხატავდნენ ემოციებს, სვამდნენ შეკითხვებს და ერთმანეთს აძლევდნენ შესაძლებლობას, უკეთ გაეცნოთ სხვადასხვა კულტურა და ეროვნულ ფასეულობები.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია გეგმავს მსგავსი ღონისძიებების მომავალში უფრო ფართო მასშტაბით ორგანიზებას, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს ინიციატივა დიდად შეუწყობს ხელს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას მრავალფეროვან აკადემიურ გარემოში.