სტუ
11/04/2025

სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილება კომპანია “ავტოტექნოში”

6.jpg

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მორიგი ინდუსტრიული ტური კომპანია “ავტოტექნოში” გამართეს.

ტური განკუთვნილი იყო როგორც ბაკალავრიატის, ისე პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის – მათ შორის, უცხოენოვანი ჯგუფების წევრებისთვისაც.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, სტუდენტებს საკუთარი თვალით ენახათ და ადგილზე გაეცნოთ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნიკის იმპორტიორი და დილერი კომპანია “ავტოტექნო”.

მენეჯერებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია – კომპანიის საქმიანობის პრინციპებსა და ტექნიკურ დეტალებზე. სტუდენტებმა დაათვალიერეს გაყიდვების განყოფილება, საწყობები, სარემონტო სივრცეები და რაც მთავარია სხვადასხვა ტიპის მძიმე ტექნიკა, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად შემოაქვთ სარეალიზაციოდ.

7.jpg

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ავტოპარკიც, სადაც სტუდენტებმა დაათვალიერეს ისეთი სპეცტექნიკა, როგორიცაა: ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები, ფრონტალური დამტვირთველები, ბულდოზერები, გრეიდერები და როლერები. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი მახასიათებლების, დანიშნულებისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებაც.

“ავტოტექნო” SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერია საქართველოში. კომპანია 2016 წელს დაფუძნდა და დღეს წარმატებით მოღვაწეობს სპეცტექნიკის ბაზარზე. მისი მთავარი ფოკუსი მომხმარებელზე მორგებული სერვისია – რაც ნიშნავს, რომ ცდილობენ, თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად მოარგონ მომსახურება და გადაწყვეტილებები.

შეხვედრა არ შემოფარგლულა მხოლოდ ტექნიკური დეტალებით – საუბარი შეეხო იყო კარიერულ შესაძლებლობებზე. სტუდენტებმა მოისმინეს, როგორ შეიძლება დაიწყონ და კარიერულად განვითარდნენ ამ სფეროში და როგორ გადაჭრან არსებული გამოწვევები.

ფაკულტეტის სახელით დიდი მადლობა “ავტოტექნოს” გუნდს გულთბილი მიღებისთვის, მათი პროფესიონალიზმისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტისთვის. ასეთ ტურებს ნამდვილად აქვს ძალა, ის ინსპირაციას და მოტივაციას აძლევს მომავალ ინჟინრებს.