20/03/2025
პროფესიული პროგრამების განმახორციელებლების სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურება“ მასწავლებლები ლადო ლიპარტელიანი და ლერი ვეშაგური, გარემოსთვის უსაფრთხო ბუნებრივი მაცივარაგენტებზე დამყარებული ტექნოლოგიების და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო რეგულაციების უკეთ გასაცნობად, სამუშაო პროფესიული ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში, იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანს HERMO-TEC Klimageräte GmbH, Beijer Ref Deutschland GmbH, ELREHA Electronic controls GmbH კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენდა.
სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე დიდი ყურადღება ეთმობა სამაცივრო, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორისთვის კადრების მომზადება-გადამზადების საკითხს. ეს არის რეგულირებადი პროფესია, რადგან სექტორში გამოყენებული ნივთიერებები საფრთხეს უქმნიან ოზონის შრეს და კლიმატს დედამიწაზე.
ევროკავშირმა უკვე შეწყვიტა ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენება, ხოლო სათბურის აირების მოხმარება 40%-ით შეამცირა 2024 წელს. ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა და ევროკავშირის კოლეგების გამოცდილების მიღება ძალიან სასარგებლოა ქართველი სპეციალისტებისთვის.
HERMO-TEC Klimageräte GmbH. კომპანია დაკავებულია სითბოს ტუმბოებისა და გამაგრილებლების საბითუმო ვაჭრობით, აქცენტით ბუნებრივ და ალტერნატიულ გამაგრილებელ საშუალებებზე, ასევე ჰაერის კონდიცირების კარადებზე, ვენტილატორულ-საგრილებელ ერთეულებზე (როგორც სტანდარტულ, ისე ჰიგიენურ ვერსიებში VDI 6022-ის შესაბამისად) და მეორადი ჰაერის ერთეულებზე DIN 1946-4-ის მიხედვით.
Beijer Ref Deutschland GmbH. ეს არის ცნობილი შვედური კომპანიის გერმანული ფილიალი, რომელიც კონცენტრირებულია მდგრადი გაგრილების ტექნოლოგიაზე. იგი იყენებს ბუნებრივ გამაგრილებელ საშუალებებს, რათა მხარი დაუჭიროს რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს მავნე ნივთიერებების ეტაპობრივ ამოღებას 2030 წლისთვის.
ELREHA Electronic controls GmbH. ამ კომპანიის მიერ შემუშავებული ავტომატური საკონტროლო სისტემები დიდ პოპულარობას სარგებლობს ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბუნებრივ გამაგრილებელ საშუალებებზე მომუშავე დანადგარების დისტანციური მონიტორინგი, რაც ენერგოეფექტიანობის მაქსიმალურ მიღწევას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპანია ELREHA-სთან ერთად შეიქმნა ერთობლივი სასწავლო ცენტრი, სადაც სტუდენტები სწავლობენ RACHP დანადგარების ავტომატური კონტროლის სისტემებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კომპანიების ხელმძღვანელებთან, შედგა შეთანხმება, რომ გერმანული კომპანიები დაეხმარებიან აღნიშნულ მოკლევადიან პროფესიული გადამზადების პროგრამას სასწავლო მასალით, ხოლო საუკეთესო კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება გერმანულ საწარმოებში.
აქვე შეგახსენებთ რომ სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მომზადებულმა მოკლევადიანმა პროფესიულმა პროგრამამ „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურება“ სააკრედიტაციო პროცედურები უკვე გაიარე და პროგრამაზე მსმენელთა მიღება მალე დაიწყება.