სტუ
27/02/2025

ჟურნალი ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ საერთაშორისო და ადგილობრივ საინფორმაციო ბაზებში ინდექსირდა

1.jpg

სსტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების კრებული ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ საერთაშორისო და ადგილობრივ საინფორმაციო ბაზებში ინდექსირდა. ჟურნალი  2006 წელს დაარსდა და  პერიოდულობა წელიწადში 3 ნომერია. 2024 წლის დეკემბერში დაიბეჭდა 61-ე ნომერი.

ჟურნალის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:

  • ტრანსპორტი;
  • მექანიკის ინჟინერია;
  • სამრეწველო ინჟინერია;
  • ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის მენეჯმენტი.
ჟურნალის ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ მიზანია პერიოდულად უზრუნველყოს ფაკულტეტის აკადემიური და ტექნიკური პერსონალის მიერ დამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნება. ამავე დროს, კვლევებში ჩართულ წარმატებულ სტუდენტთა აღმოჩენა და მათი უშუალო ჩართვა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ შესრულებულ კვლევით აქტივობებში.

ჟურნალის ამოცანაა, საქართველოს და საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსის და საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ჟურნალის სტატუსის მოპოვება.

ჟურნალის რედაქცია იცავს სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები, სტუ-ს პროფესორების გარდა, არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების დამსახურებული პროფესორები და მეცნიერები: კოლინ რიგბი (დიდი ბრიტანეთი) - წევრი, კილის უნივერსიტეტი; მიროსლავ ბონეკი (პოლონეთი) - წევრი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დოქტორი, ჰაბ. ინჟინერი; ასენ ასენოვი (ბულგარეთი) - წევრი, რუის უნივერსიტეტი; ალექსანდერ სლადკოვსკი (პოლონეთი) - წევრი, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; გეორგი ტოხტარი (უკრაინა) - წევრი ხარკოვის უნივერსიტეტი; მიხაილ ბენ ხაიმ (ისრაელი) - წევრი, არიელის უნივერსიტეტი. 2023 წლიდან ჟურნალის მთავარი რედაქტორია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ხოლო მთავარი რედაქტორის მოადგილე, სტუ-ს პრეზიდენტი, პროფესორი ლავრენტი გუდავაძეა. ჟურნალის ტექნიკური რედაქტორია, პროფესორი თეა ბარამაშვილი.

კრებული ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ საინფორმაციო ბაზებში. ბოლო წლებში ჟურნალი დამატებით, პრესტიჟულ ბაზებში ინდექსირდა, კერძოდ:

  • 2025 წლიდან ჟურნალს ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ აქვს სერიული გამოცემების (ISSN) საერთაშორისო სტანდარტული ნომერი ISSN 3038-4047 (online)  (International Standard Serial Number).
  • 2025 წლიდან ჟურნალი ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ რეგისტრირებულია Eurasian Scientific Journal Index.
  • 2025 წლიდან ჟურნალი ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0) მიერ;
  • 2023 წლიდან ჟურნალი ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ რეგისტრირებულია სისტემაში Google scholar;
  • 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - „ტექინფორმის“ ხელშეწყობით, სამეცნიერო ჟურნალს ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ მიენიჭა ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი DOI (Digital Object Identifier).
  • 2022 წლიდან ჟურნალის ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ სტატიები და რეფერატები აგროკულტურის შესახებ ექსპორტირდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში UN FAO AGRIS. ტექინფორმი ამ სისტემის ეროვნული ჰაბია საქართველოში;
  • 2016 წლიდან ჟურნალი ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკის ფონდში „ივერიელი“, სადაც ჟურნალის ელ. ვერსიები განთავსებულია 2010 წლიდან.
  • ჟურნალს ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ მინიჭებული აქვს სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი ISSN 1512-3537 (International Standard Serial Number);

ჟურნალს ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ აქვს დამოუკიდებელი საიტი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მიმაგრებულია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ვებგვერდზე.

სტუ-ის სარედაქციო პოლიტიკის და წესის მოთხოვნათა შესაბამისად, ჟურნალის რედაქციას დაკმაყოფილებული აქვს ყველა მოთხოვნა და 2025 წლიდან ჟურნალი დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განაგრძობს ფუნქციონირებას. ამჟამად სტატიებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების მიღება მიმდინარე წლის პირველი ნომრისათვის მიმდინარეობს.