სტუ
25/02/2025

ახალ “სამეწარმეო მენეჯმენტის” სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მომზადებულმა ახალმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ “სამეწარმეო მენეჯმენტი” (Enterprise Management) აკრედიტაცია მოიპოვა.

20 თებერვალს, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კლასტერული პროგრამები - მათ შორის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ მომზადებული ახალი სამაგისტრო პროგრამა “სამეწარმეო მენეჯმენტი”, რომელმაც სრული აკრედიტაცია მოიპოვა კლასტერული (7 წელი) ვადით.

“სამეწარმეო მენეჯმენტი”-ს პროგრამა არის თანამედროვე კონცეფციით მომზადებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ახალია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

პროგრამის მიზანია მოამზადოს სამეწარმეო საქმიანობაში გაცნობიერებული მაღალი დონის მენეჯერი, რომლის დარგობრივი ცოდნა სამეწარმეო მენეჯმენტში, პროფესიული უნარები და კომპეტენციათა ფლობის დონე, კომპლექსურად უპასუხებს თანამედროვე ბაზარზე არსებული დასაქმების და/ან დამსაქმებლის ინტერესს. პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება მენეჯმენტის მაგისტრი ხარისხი.

პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემით (ECTS), გრძელდება 2 წელი (4 სემესტრი) და მოიცავს 120 კრედიტს. 

მენეჯმენტის მაგისტრის დასაქმების სფეროს წარმოადგენს ინდუსტრიული სფეროს ყველა კატეგორიის საწარმოები, სამეცნიერო, სასწავლო და საპროექტო დაწესებულებები, ფინანსებისა და კონტროლის რგოლები, ეკონომიკის ინდუსტრიული დარგების ტოპმენეჯმენტი, საკონსულტაციო და ანალიტიკური ორგანიზაციები. 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის, პროგრამის მომზადებაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებს, დამსაქმებლებს, უცხოელ პარტნიორებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პროგრამის შექმნაში ჩართულ ყველა პირს. ახალ პროგრამაზე მაგისტრანტების მიღება მიმდინარე წლიდან დაიწყება.