საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროექტის - „LISS24 - ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, ე.წ. გაყიდვების ლაბორატორია (Sales Lab) ამოქმედდება.
ლაბორატორიის გახსნამდე, მოსამზადებელ პერიოდში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ ვიენერ ნოირშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ავსტრია) „გაყიდვების ლაბორატორიის“ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და მუშაობის პრინციპის გაცნობის მიზნით ჩატარებულ სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო. სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, სასწავლო ვიზიტის მიზანს პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული „გაყიდვების ლაბორატორიის” მუშაობის, პრინციპებისა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების გაცნობა წარმოადგენდა.
„აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობები. ამჟამად კი, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველ სასწავლო კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს ლაბორატორიის სამუშაო სივრცის სარემონტო სამუშაოები. ლაბორატორია ხელს შეუწყობს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისთვის, პროდუქციის, ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება, სერვისებისა და პროცესების განვითარება, სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული „გაყიდვების ლაბორატორიის“ - Sales Lab-ის ჩართვა რეალურ სწავლებაში. კერძოდ, იგეგმება ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდება ე.წ. „გაყიდვების სტუდენტური შეჯიბრება“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. საბოლო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციარ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების განვითარებისთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას“, - ამბობს ბორის გითოლენდია.