სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, მექანიკის ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორიული ბაზისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი გაკეთდა.
ფაკულტეტზე, პროფესორ ნანა ბაქრაძის ინიციატივით, თანამედროვე პროგრამული მართვით აღჭურვილი ლაზერული დანადგარი (CO2, P=100 ვტ) შევიძინეთ. ეს ინოვაციური მოწყობილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში გაეცნონ და აითვისონ მოწინავე ტექნოლოგიები.
ახალი ლაზერული დანადგარი მრავალფუნქციურია და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მასალის დასამუშავებლად. იგი იძლევა საშუალებას, რომ შეიქმნას რთული ფორმის დეტალები, მაკეტები და პროტოტიპები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინჟინრო საქმეში.
ლაზერული დანადგარი სრულად შეესაბამება ფაკულტეტის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას. კერძოდ, დანადგარი გამოყენებული იქნება მაგისტრატურის საფეხურის მექანიკის ინჟინერიის სპეციალობის სასწავლო დისციპლინაში „დამუშავების ელექტროფიზიკური და ელექტროქიმიური მეთოდები“. ამ დისციპლინის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ლაზერული ტექნოლოგიების თეორიულ საფუძვლებს და პრაქტიკულ გამოყენებას.
გარდა ამისა, ლაზერული დანადგარი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პროფესიული საფეხურის სტუდენტების მომზადებაში. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობების შესრულება ისეთ პროგრამებში, როგორიცაა მექანიკა, მექატრონიკა, კომპიუტერული გრაფიკა, ხის დამუშავება და სხვა.
სტუდენტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ დანადგარის პროგრამული დაპროექტების, დამზადებისა და მართვის საფუძვლები, რაც მათ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლაბორატორიული ბაზის მუდმივ განახლებას და მოდერნიზებას. ახალი ლაზერული დანადგარის შეძენა კიდევ ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით და ხელს შეუწყობს ფაკულტეტის, როგორც თანამედროვე და მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულების, განვითარებას.