15/11/2024
ფაკულტეტის სახელით საერთაშორისო აქტივობაში
10-14 ნოემბერს, ქალაქ ჩონგქინგიში (ჩინეთი), „ჩინეთის საავტომობილო ინჟინერთა საზოგადოების 31-ე კონგრესი“ და "გლობალური ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმი“ ჩატარდა, რომელშიც ამავე ორგანიზაციის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ.
ღონისძიება ჩინეთის საავტომობილო ინჟინერთა საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული და ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმა აკადემიური წრის წარმომადგენლებისათვის, ინდუსტრიის პრაქტიკოსებისთვის, მკვლევრებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისა და მეცნიერებისთვის, რათა გაცვალონ იდეები და მოსაზრებები, ასევე, გააზიარონ კვლევის შედეგები და გამოცდილება. კონგრესს დაესწრო და გამოფენას ეწვია 500-ზე მეტი მაღალი დონის მომხსენებელი და 2000 პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონგრესის პარალელურად ჩატარდა გამოფენა, სადაც ნაჩვენები იყო ავტოინდუსტრიის უახლესი მიღწევები, პროდუქტები და ტექნოლოგიები.
ღონისძიების ეგიდით, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერებს შორის, საავტომობილო დარგთან დაკავშირებულ სფეროებში ურთიერთქმედების ხელშეწყობისთვის, სპეციალურად შეიქმნა "გლობალური ახალგაზრდა მეცნიერის პროგრამა - SAECCE 2024", რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულნი იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევრები.
მათ წელს, პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, ამავე ორგანიზაციის სრული ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობა მიეღოთ ფორუმში.
"გლობალური ახალგაზრდა მეცნიერთა“ ფორუმზე, სიტყვით გამოვიდა და აუდიტორიას მიმართა ფაკულტეტის დეკანმა, ბორის გითოლენდიამ.
მან ფორუმზე წარადგინა ვრცელი მოხსენება თემაზე - „საქართველოს გამოცდილება საავტომობილო საინჟინრო განათლებაში და მომავლის პერსპექტივები“. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, საქმიანი შეხვედრები გაიმართა ჩინეთის, ქალაქ ჩონგქინგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ჩონგქინგის უნივერსიტეტში.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ავტო-საინჟინრო განათლებისა და სწავლების სხვადასხვა გამოცდილებას, მათ შორის ისეთ წარმატებულ ინიციატივებს რომელსაც მხარს უჭერენ საწარმოები, ინსტიტუტები და ინჟინრები საავტომობილო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში გაცნობითი ტური ჩატარდა ჩინური ავტომობილების წარმოების გიგანტურ კომპანიაში „CHANGAN AUTOMOBILE“, სადაც სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ წარმოების სრულ პროცეს. პროგრამა, ასევე, დატვირთული იყო სხვადასხვა აკადემიური და კულტურული აქტივობებით.
ჩინეთის ავტომობილების ინჟინერთა საზოგადოება (China-SAE) არის ეროვნული არაკომერციული აკადემიური ორგანიზაცია. ის, ასევე, არის FISITA-ს წევრი საზოგადოება, ასევე აზიის წყნარი ოკეანის საავტომობილო ინჟინერიის კონფერენციის (APAC) ერთ-ერთი ინიციატორი. თავისი 60 წლის ისტორიის მანძილზე China-SAE ფართოდ არის აღიარებული ინდუსტრიის მიერ.
ამჟამად, ორგანიზაციაში 50-ზე მეტი ფილიალი და წარმომადგენლობა ფუნქციონირებს. ის მნიშვნელოვანი ხიდია, საავტომობილო საინჟინრო კომუნიკაციებისთვის ჩინეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის.
მსგავს, საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისათვის, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებზე ხშირად ჩნდება შესაძლებლობა ახალი იდეებისა და ინიციატივების გენერირებისა და განხორციელებისათვის. ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მსგავსი მასშტაბის ფორუმზე მიღებული გამოცდილება და შესაძლებლობები წაადგება ფაკულტეტის განვითარებას და შექმნის დამატებით შესაძლებლობას ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.