საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის კომპანიამ - „TAM მენეჯმენტი“ (თბილავიამშენი), სტიპენდია დააწესა.
სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები TAM მენეჯმენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს კახა ჟღენტს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას დააწესებს.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, უკვე მესამე წელია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საავიაციო ინჟინერია“ სწავლება განახლდა, რომლის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული კომპანია „TAM მენეჯმენტი“.
თავის მხრივ, „TAM მენეჯმენტი“ ქართული საავიაციო მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სამხედრო, სამოქალაქო და სხვადასხვა კლასის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოებში, მოდერნიზებაში, დიზაინში და წარმოებაში.