22/10/2024
ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო მე-8 კონფერენცია დასრულდა
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული, ქართულ-პოლონური, საერთაშორისო სამეცნიერო, მე-8 კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” დასრულდა.
21 ოქტომბერს, კონფერენციის შეჯამებისა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ფაკულტეტის ადმინისტრაცია შემაჯამებელი შეხვედრის მიზნით, კონფერენციის ერთ-ერთ დამფუძნებელს და სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ, ალექსანდრე სლატკოვსკის შეხვდა.
შეხვედრაზე, ჩატარებული კონფერენციის საქმიანი დეტალები და კონფერენციის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო უკვე, რიგით მე-9 კონფერენცია, 2025 წელს, პარტნიორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო მე-8 კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, ტრადიციული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაა და ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ინიციატივით და ორგანიზებით, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ქუთაისი, საქართველო) და სსიპ რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტთან (თბილისი, საქართველო) თანამშრომლობით, წელს, 16-18 ოქტომბერს უკვე, რიგით მე-8 გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად კონფერენციას სპონსორების სტატუსით შემოუერთდნენ სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე ქართული ბიზნესის ლიდერი ორგანიზაციები „ავტოტექნო“; „ავტობანი“; „ლაიონტრანსი“ და „გრინვეი“, ხოლო კონფერენციის ფარგლებში, 6 ქვეყნის 12 სხვადასხვა დელეგაცია სტუ-ს სტუმრობდა.
სასესიო მუშაობის გარდა კონფერენციის პროგრამით, ასევე, გათვალისწინებული იყო სხვადასხვა სოციალური, კულტურული და აკადემიური აქტივობები ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კონფერენციის თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს, თანამშრომლობისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის.