08/10/2024
კონფერენცია „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“ გაიმართა
4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, I კორპუსის ბიბლიოთეკაში მონრეალის ოქმის ვალდებულებათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“ გაიმართა.
ღონისძიების მზადება აპრილში დაიწყო და გაეროს განვითარების პროგრამის; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად დაიგეგმა.
გამოცხადდა ღია კონკურსი სტუდენტებს შორის, შეირჩა საუკეთესო ნაშრომები და დასახელდა ავტორები. პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ოზონის შრის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ზოგადად, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის.
კონფერენცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა.
დარბაზში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ღონისძიების სტუმრები იმყოფებოდნენ, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის თავმჯდომარე/ოზონის ეროვნული ერთეულის ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გენდერის საკითხებში, გაეროს განვითარების პროგრამის მრჩეველი ანა ლობჟანიძე.
სტუდენტებმა ოზონის შრის მნიშვნელობის შესახებ, საკუთარი ნაშრომები წარადგინეს, არსებული სიტუაცია გაანალიზეს და დეტალები განიხილეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს, გიგი სახოკიას, თემისთვის „ ოზონის შრე“, სერტიფიკატი გადაეცა.
მესამე ადგილის მფლობელი გახდა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანასტასია დვალიშვილი თემით - „პასუხი გამოწვევაზე - ოზონის შრის დაცვა და კლიმატის ცვლილება”.
მეორე ადგილის თანამფლობელები გახდნენ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ოთიაშვილი და ნინო შველიძე თემით „გაკვეთილები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად”.
პირველი ადგილი კი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამა „ჰაერის კონდიცირების“ სტუდენტმა შოთა სირაძემ, თემით - „ინოვაციური კონსტრუქციის სამკონტურიანი გათბობა-გაგრილების ქვაბი” დაიკავეს.
პრეზენტაციების შემდეგ, სტუდენტებმა ორგანიზატორებისაგან ფასიანი ჯილდოები და სერტიფიკატები მიიღეს.
კონფერენციის დასასრულს, თემაზე - „გენდერი და სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სფერო“, პანელური დისკუსია გაიმართა. მონაწილეთა შორის იყო, სამაცივრო, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების დარგის ექსპერტი სულხან სულაძე. ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებისათვის საინტერესო აღმოჩნდა იმ თემებზე და გამოწვევებზე საუბარი, რომელიც დღის წესრიგში კლიმატის ცვლილებების ფონზე დადგა.