სტუ
07/10/2024

სტუ-ში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ჩატარდება

სატრანსპორტო-კონფერენცია.png

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ჩატარდება. კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პარტნიორები - სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.

VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, რომელიც კერძო და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების  გადასაჭრელად მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმს წარმოადგენს, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძეა. კონფერენცია ორდღიანია და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 15 წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები.

„კონფერენციაზე ჯამში წარმოდგენილია 50-მდე სამეცნიერო მოხსენება და კვლევის შედეგები რომლებიც ეხება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს და განვითარების ტენდენციებს. ასევე, მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკას, სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკის, მონიტორინგის, ტექნიკური მდგომარეობის და მომსახურების საკითხებს, ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემებს და ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებს, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხებს და სხვა აქტუალურ თემებს“, - აცხადებს დეკანი.

ინფორმაციისთვის: VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მუშაობას დაიწყებს 16 ოქტომბერს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, კონფერენციის ფარგლებში, ესტუმრება 6 ქვეყნის 12 დელეგაცია. 17 ოქტომბერს კონფერენციის სასესიო მუშაობა გაგრძელდება ქართულ და საერთაშორისო სასესიო პანელებად. კონფერენცია ოფიციალურად დაიხურება 18 ოქტომბერს. კონფერენციის ბიზნეს პარტნიორები არიან კომპანიები „ავტოტექნო“; „ავტობანი“; „ლაიონტრანსი“ და „გრინვეი“.