საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია სულითა და გულით ულოცავს დამსახურებულ მეცნიერსა და პედაგოგს, მრავალი თაობის აღმზრდელს, ბატონ მერაბ გოცაძეს დაბადებიდან 75 წლის იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მრავალ სიხარულს.
პროფესორ მერაბ გოცაძის ბიოგრაფია:
მერაბ გოცაძე დაიბადა 1949 წლის 28 სექტემბერს, ქ. ჭიათურაში.
1966 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის სტუდენტი.
მერაბ გოცაძემ 1971 წელს, საქართველოში პირველმა დაიცვა დიპლომი სპეციალობით „ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე“ და წარმატებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იმავე წელს აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული კათედრის „ავტომატიკა ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე“ (№100) ასისტენტად. იყო უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ხოლო 1997 წლიდან დღემდე პროფესორია.
1989 წლიდან 1991 წლამდე იყო სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1991 წლიდან 2011 წლამდე - „რკინიგზის ტრანსპორტზე ავტომატიკის და კავშირგაბმულობის“ კათედრის გამგე, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ამავე მიმართულების ხელმძღვანელი.
1996 წლიდან 2003 წლამდე იყო საქართველოს რკინიგზის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი.
მერაბ გოცაძემ 1976-77 წლებში სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჩეხოსლოვაკიის ქ. ჯილინას ტრანსპორტის უმაღლეს სკოლაში, პროფესორ ოლდრის პოუპეს ხელმძღვანელობით.
1978-1983 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
არის 7 სახელმძღვანელოს, 2 დამხმარე სახელმძღვანელოს და 3 მეთოდური მითითებების ავტორი. გამოქვეყნებულია მისი 92 სამეცნიერო სტატია. აქვს 9 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მერაბ გოცაძის გამოგონებები ექსპონირებული იყო ინდოეთში (ქ. დელი), ესპანეთში (ქ. ბარსელონა), რუსეთში (ქ. მოსკოვი) და ბულგარეთში (ქ. პლოვდივი). მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 200-ზე მეტი ბაკალავრი, 56 მაგისტრი და 8 აკადემიური დოქტორი.
მერაბ გოცაძე 2013 წელს ლექციებს კითხულობდა ჩინეთის ქალაქ ჩენდუს ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტში. მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების „ვაჟა-ფშაველას“ და „უნივერსიტეტის“ დაპროექტებასა და მშენებლობაში, როგორც კონსულტანტი და ექსპერტი.
1998 წლიდან დღემდე არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი რკინიგზებისა და მეტროპოლიტენების დარგში.
მერაბ გოცაძეს მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მადლობა. არის ჭიათურის საპატიო მოქალაქე.
ჰყავს მეუღლე, 3 შვილი, 8 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი.