სტუ
23/09/2024

საინფორმაციო შეხვედრა სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორის წარმომადგენლებთან

20 სექტემბერს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის და ა(ა)იპ სამაცივრო და კრიოგენური ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის ორგანიზებით, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორში მომუშავე სერტიფიცირებულ კომპანიებთან და ტექნიკოსებთან, აგრეთვე, 3კგ და მეტი მაცივარაგენტის შემცველი სამაცივრო სისტემების მფლობელებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

საქმე ის არის, რომ ყველა მათგანს დღევანდელი კანონმდებლობა ავალდებულებს, აღრიცხონ მათ მიერ მოხმარებული მაცივარაგენტი და რეგულარულად შეიტანონ მონაცემები მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

მსგავსი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მაცივარაგენტების მოხმარების რეგულირების განახლებული და გამკაცრებული კანონმდებლობა ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან და ვისაც ის ეხება, მათი ცნობიერების ამაღლება უაღრესად აქტუალურია.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის სათანადოდ ამოქმედებისა და აღნიშნული სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების აუცილებელი პირობაა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმება.

ყოველივე ეს ერთად უზრუნველყოფს ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფთორირებული სათბურის აირების ემისიების შემცირებას, რაც ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ეკოლოგიური შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების მოთხოვნაა.

ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე შემუშავდა მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა „მაცივარ აგენტებზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურება“, ვინაიდან 2025 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა „მაცივარ აგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურე პირის“ სახელმწიფო სასერტიფიკატო ტესტირებაზე დასაშვებად. 

სტუ ერთ-ერთი პირველი ინსტიტუციაა, რომელიც მსგავს გადამზადების პროგრამას შესთავაზებს დარგს. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად, საქართველოს სამაცივრო და კრიოგენური ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციისა და გერმანული კომპანია ELREHA-ს მხარდაჭერით, ფაკულტეტზე უკვე მოეწყო და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა სასწავლო-პრაქტიკული კლასი, სადაც დაგეგმილია, განხორციელდეს პროფესიული გადამზადების პროგრამა „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურება“; ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო ინსტიტუციასა და დარგობრივ ბიზნესორგანიზაციათა თანამშრომლობით წარმატებული პროექტების განხორციელება.