
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია პირველკურსელებს შეხვდა.
16 სექტემბერს გამართული შეხვედრის მიზანი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა და მათი მხარდაჭერა იყო. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ. მან სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და ცხოვრების ამ ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე წარმატებები უსურვა.
დეკანმა სტუდენტებს გააცნო ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროგრამის ხელმძღვანელები და ესაუბრა მათ ფაკულტეტის ისტორიის, მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ.
სტუდენტებს მიმართეს სტუდენტური სერვისების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და თვითმმართველობის წევრებმა, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს სწავლის პარალელურად სტუ-ში დამკვიდრებული სტუდენტური შემოქმედებითი ცხოვრების ტრადიციები და არსებული შესაძლებლობები.
შეხვედრის შემდეგ ფაკულტეტის პირველი კურსელებისთვის მოეწყო გაცნობითი ტური. სტუდენტებს, პროგრამების მიხედვით, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ, უშუალოდ პროგრამების შინაარსს, ფაკულტეტის ლაბორატორიულ და სასწავლო ინფრასტრუქტურას.
სწავლის დაწყების პირველი დღე სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ორგანიზებული წვეულებით და ფეიერვერკით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცალკეულ ფაკულტეტებზე პირველკურსელებთან შეხვედრებს რამდენიმე წლის წინათ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი და ასეთი შეხვედრები ძალიან კარგი საშუალებაა პირველკურსელებისთვის იმ აქტივობებისა და სერვისების გასაცნობად, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ.
რექტორის ინიციატივითვე, წელს სტუ-ის ყველა და, მათ შორის, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.