სტუ
02/08/2024

ჩვენმა სტუდენტებმა აკადემიური სემესტრი ევროპის უნივერსიტეტებში წარმატებით დაასრულეს

4.jpeg


2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი მირუაშვილი (საბაკალავრო პროგრამა „ტრანსპორტი“) და საბა ჩახაია (საბაკალავრო პროგრამა „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბულგარეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ. 

სტუდენტებმა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მეოთხე აკადემიური სემესტრი პარტნიორ უნივერსიტეტებში გაიარეს, კერძოდ: გიორგი მირუაშვილმა, მიმდინარე სემესტრი ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში (ბულგარეთი), ხოლო საბა ჩახაიამ, ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (პოლონეთი) წარმატებით დახურეს. მასპინძელ უნივერსიტეტებში განვლილი სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები ათვისებული სასწავლო კრედიტებით დაბრუნდნენ საქართველოში და სწავლას შეუფერხებლად აგრძელებენ შესაბამის პროგრამებზე. 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ მობილობით მყოფი სტუდენტები შერჩეულ სასწავლო კურსებს გადიან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სადაც კრედიტების ათვისებით იღებენ უცხოეთში სწავლის გამოცდილებას. აკადემიურ განათლებასთან ერთად, მათ შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, შეიძინონ ახალი მეგობრები და ჩაერთონ საუნივერსიტეტო აქტივობებში, როგორც ადგილობრივ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან მობილობით მყოფ სტუდენტებთან ერთად. 

თავის მხრივ, Erasmus+ გაცვლითი პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. უცხოეთიდან მობილობით დაბრუნებული სტუდენტები, ხშირად აღნიშნავენ, რომ Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, დიდი გამოცდილების მომცემია და კმაყოფილებას გამოთქვამენ. ცხადია, ახალი სასწავლო გარემო ბევრი საჭირო უნარის აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც ეხმარება ახალგაზრდებს პიროვნულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაში. 

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მზადაა, აქტიური კონსულტაციები გაუწიოს Erasmus+ გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა გამოიყენოს Erasmus+ შესაძლებლობა და მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. აქვე აღსანიშნავია, რომ მომდევნო სემესტრის გაცვლითი პროგრამების შესახებ, ინფორმაცია აგვისტოდან პერიოდულად დაიდება უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ვებგვერდებზე.