29/07/2024
პროექტის „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა
23 ივლის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ამავე უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, პროექტის “გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - „ქალთა ტექ ჰაბი“ ფინალურ კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიებას სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, საპროექტო გუნდის წევრები, პროექტში ჩართული ტრენერ-მასწავლებლები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგებისა და წარმატებით განხორციელებული ინიციატივების შესახებ. პროექტის განმახორციელებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ქალთა ტექ ჰაბის პროექტი, ქალთა როლის გასაძლიერებლად და ინჟინერიისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის სფეროებში მათი წარმომადგენლობის ზრდის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. პროექტის ფარგლებში, წარმატებით შემუშავდა შესაბამისი ვებ. პლატფორმა, რომელიც ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს მომავალშიც საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს.
პროექტი “ქალთა ტექ ჰაბი” მთელი თავისი ხანგრძლივობის განმავლობაში ნებისმიერი საფეხურისა და სასწავლო პროგრამის სტუდენტების მტკიცე მხარდაჭერას უზრუნველყოფდა და ქმნიდა პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, კერძოდ:
პროექტის მიზნების მიღწევისათვის, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა შემდეგ ძირითად აქტივობებს:
• საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ქალთა ტექ ჰაბი“-ს პლატფორმის შექმნა, რომელიც პროაქტიულად იზრუნებს ინჟინერიასა და ტექ.მეწარმეობაში ქალთა როლის გაძლიერებისათვის;
• სტუდენტებისთვის შეიქმნა და ჩატარდა 5 კომბინირებული კურსი ტექ. და სამეწარმეო უნარების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავდა 5 განსხვავებულ მოდულს და სწავლებას უზრუნველყოფდა ინოვაციური ტრენინგ-მოდელით, კერძოდ;
ზოგადი მენეჯმენტი;
მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები;
გრაფიკული დიზაინი;
ვებ. ტექნოლოგიები და Wordpress დეველოპმენტი;
მეწარმეობა პრაქტიკაში;
პლატფორმა პროექტში ჩართვის მსურველებს აღნიშნულ ტრენინგ-მოდულებს მომავალშიც შესთავაზებს:
ამასთან პროექტის ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში:
• ჩატარდა და პერიოდულად ჩატარდება „ინოვაციური იდეების კონკურსი“;
• საინჟინრო დარგების და მეწარმეობის სინთეზის (ტექმეწარმეობის) პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარდა და პერიოდულად ჩატარდება პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები და სამოტივაციო პრეზენტაციები;
• ჩატარდა და მომავალშიც ჩატარდება „სტუ-ს მეწარმეობის დღე - თანაბარი შესაძლებლობებისთვის“;
• მოეწყო „წარმატების ისტორიების“ სესიები;
• პროექტის ეგიდით შეიქმნება ეს საკარიერო პლატფორმა რომელიც იზრუნებს მოქმედი საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვასა და ქალ ინჟინერთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ღონისძიებათა დასაგეგმად;
პროექტი ორიენტირებულია, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტით(Gender Equality Plan - GEP) განმტკიცებულ, სტუ-ის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მიდგომის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ რეალიზაციაზე.
აღსანიშნავია რომ პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები. პროექტის ეგიდით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების უმეტესობა სწორედ ფაკულტეტზე განხორციელდა, რომელშიც ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ტექ. ჰაბის პროექტი აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.